დიდ ბრიტანეთში უმუშევართა რიცხვი გაიზარდა და არსებობს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რამდენ ხანს იმოქმედებს კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები.

„შეზღუდვებს მანამ შევინარჩუნებთ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ინგლისში უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა და არსებობს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
არსებული ინფორმაციით, უმუშევარია დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასი ადამიანი. ასევე, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არსებობს იმის მოლოდინი, რომ უმუშევრობა კიდევ გაიზრდება და 2021 წელს მიაღწევს 7.5 / 8%-ს.

შოტლანდიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის განცხადებით, მოსალოდნელია, ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება მანამ, სანამ ეპიდვითარება დასტაბილურდება და დაიწყება ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი. ეკონომისტების პროგნოზით, 2021 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ეკონომიკური ვარდნის გაგრძელება.

დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) წარმომადგენლის განცხადებით, „აშკარაა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არ დაიკლებს ისე სწრაფად, როგორც ეს კოვიდის პირველი ტალღის დროს მოხდა, რადგან კოვიდის ახალი შტამი ხასიათდება გავრცელების უფრო მაღალი ინტენსივობით.

ინგლისის სტაციონარებში განთავსებული ათასობით პაციენტების სასტუმროებში გაწერა დროზე ადრე ხდება, რათა კოვიდ ინფიცირებულებისთვის საწოლები გამოთავისუფლდეს. საავადმყოფოების დირექტორები პაციენტების დროზე ადრე გაწერას აპირებენ იმ მასშტაბით, რომელიც ისტორიას არც ახსოვს. ეს იმით არის განპირობებული, რომ საჭირო რესურსი გამოთავისუფლდეს ამ საგანგებო ვითარებაში და არ მოხდეს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოშლა მაშინ, როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ეპიდემიის პიკის მოლოდინი ჰქონდათ იანვრის შუა რიცხვებისთვის, დღევანდელი მონაცემებით, პიკი შესაძლოა, თებერვალში დაფიქსირდეს, რაც ასევე ნიშნავს ჯანდაცვის სექტორზე მოსალოდნელზე უფრო გრძელვადიან ზეწოლას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ საავადმყოფოები მაქსიმალურად მომზადებულები იყვნენ ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდისთვის. ამასთან, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რაც გულისხმობს როგორც თავად ჯანდაცვის სექტორის მობილიზებას, ისე – პოლიციელების მიერ კოვიდრეგულაციების დაცვის სისტემატიურად და ზედმიწევნით კონტროლს.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, დიდი ბრიტანეთის პოლიცია აქტიურად იყო ჩართული კოვიდრეგულაციების დაცვის მონიტორინგის პროცესში. ასევე, პოლიციის მოვალეობაში შედიოდა საზოგადოებისთვის რეგულაციების გაცნობა და წესების დაცვის წახალისება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, არაერთი ჯგუფი მოუწოდებს მათ, რომ მაღალ დონეზე აკონტროლონ წესების დაცვის პროცესი. ბრიტანეთის პოლიციის უფროსი ოფიცრის განცხადებით, ყველა, ვინც დაარღვევს კოვიდრეგულაციებს, დაჯარიმდება შესაბამისი კანონმდებლობით.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანას წინ ყველაზე მძიმე კვირები ელის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მოქმედ შეზღუდვებს არ დაემორჩილება, ზომების შემდგომი გამკაცრება გარდაუვალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები