Lragir: სომხეთში, ერევნის ფარგლებს გარეთ ახალი პოლიტიკური პოლუსი ფორმირდება

“სომხეთში პოლიტიკური ბრძოლა აყროლებულ ჭაობს დაემსგავსა, სადაც განიხილება ყველაფერი, გარდა – ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და მის წინაშე მდგარი ამოცანების. სომხეთის დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები – საზღვრები, სუვერენიტეტი, არწახი – განიხილება არა პოლიტიკურ, არამედ – სხვა სივრცეში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ახალი რეალობა გაჩნდეს.

ამის შესახებ Lragir-ი წერს.

გამოცემა გაზეთ “გრაპარაკზე” დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი არა მხოლოდ თანამდებობის დატოვებას გეგმავს, არამედ ეტაპობრივად იმ პირების დასჯას აპირებს, ვინც მის გადადგომას ითხოვს – “პირველ ყოვლისა, დაისჯებიან თემთა ხელმძღვანლები, ძალოვან უწყებებს მისცეს დავალება, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრან”.

“საქმე ისაა, რომ ომის შედეგად ერევნის ცენტრში მყოფ “პოლიტიკოსებისთვის” არაფერი შეცვლილა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ადამიანებისთვის: მათი უფლებები ილახება ყოველ ნაბიჯზე, უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, რუსებსა და აზერბაიჯანელებთან საუბარი თემთა ხელმძღვანლებს უწევთ. ქვეყანაში ხელისუფლება აღარ არის და ხალხი იძულებულია, საკუთარი უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად თვითორგანიზებულობას მიმართოს. ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანლები იძულებულნი არიან, სახელმწიფოს ფუნქციები საკუთარ თავზე აიღონ და არსებობს წინაპირობა იმის, რომ სომხეთის ნამდვილი ხელისუფლება ახლა ერევნის ფარგლებს გარეთ ფორმირდება.

ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქში არ შეუშვეს, სასულიერო პირმა მას ხელი არ ჩამოართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი ძალისა და ოპოზიციური 17-ის გავლენა შესაძლოა, მხოლოდ ერევნით იფარგლება. იმ დღეს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარ ძალაუფლებას იგრძნობენ და ცენტრს აღარ დაემორჩილებიან, სომხეთში რეალობა შეიცვლება და ერევნის ხელისუფლება გეტოს დაემსგავსება.

შესაძლოა, ეს სუვერენიტეტის აღდგენის დასაწყისი გახდეს, რადგან “ელიტა” ყოველთვის მიიჩნევდა სომხეთად მხოლოდ ერევნის 5 ქუჩას და საკუთარი კომფორტის შესანარჩუნებლად მზად არის, “პროვინცია” დათმოს. არწახი უკვე დათმეს, რიგი სიუნკსა და სხვა მიწებზეა, რომლებზეც უფლებას აცხადებს “ყველა”, გარდა სომხებისა. დროა, “პროვინციაში” მცხოვრებლებმა უარყონ ეს კონცეფცია და თავი საკუთარი მიწის ბატონებად იგრძნონ”, – ნათქვამია Lragir-ის სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები