პაატა ცაგარეიშვილი: საქართველოში საკონტეინერო ტვირთების ზრდას მაღალი ტარიფები აფერხებს

2015 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო ტვირთების მოცულობების პერმანენტული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტორები, რაც ამ სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

მისი თქმით, მთავარ პრობლემას საქართველოს ნავსადგურებში გემთშემოსვლისა და ტვირთების გადამუშავების, ჩატვირთვა – გადმოტვირთვის მაღალი ტარიფები წარმოადგენს.

“ჩინეთიდან ფოთის ნავსადგურამდე ერთი 40 TEU კონტეინერის ტრანსპორტირების ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე – კონკურენტ ნავსადგურებამდე, მათ შორის: ოდესამდე საკონტეინერო გადაზიდვა – 25%-ით იაფია, ნოვოროსიისკამდე – 10-15%- ით, სტამბულამდე და სალონიკამდე – 15%-ით, რიგამდე, ტალინამდე, კლაიპედამდე, გდანსკამდე, გდინიამდე- 25-40%-ით. ბუნებრივია, ეს ფაქტორი რეგიონის სხვადასხვა ნავსადგურს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. დღესდღეობით ჩინეთიდან / სამხრეთ ამერიკიდან ტვირთის საქართველოში მისაღებად კონტეინერი ტრანსოკეანური გემიდან უნდა ჩამოიტვირთოს შუალედურ საზღვაო ნავსადგურში (სტამბული, პირეოსი), შემდეგ დაიტვირთოს მცირე ტევადობის გემზე (ფიდერზე) და იმით შემოვიდეს ფოთში ან ბათუმში. ასეთი – ორმაგი გადატვირთვის ოპერაციით კი იზრდება სერვისის დრო და ღირებულება. მსოფლიოს საკონტეინერო ბაზარზე, გადაზიდვების მოთხოვნის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად, საკონტეინერო ხაზებზე კონტეინერების გადაზიდვის ტარიფები იცვლება, რაც ნავსადგურებს ტარიფების შემცირების თვალსაზრისით დამატებით მოქნილობას ანიჭებს; ამ კუთხით, ჩვენი ნავსადგურები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნავსადგურებს წარმოადგენს. იმ ვითარებაში, თუ ფიდერული საკონტეინერო გემებით, ერთი გემით შემოსვლამდე გაიზრდება კონტეინერების რაოდენობა, მაშინ შესაძლებელი იქნება კონტეინერის გადაზიდვის ტარიფის შემცირება და ნავსადგურის მიმზიდველობის – კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ამ თვალსაზრისით, ჩვენს ნავსადგურებში ბოლო წლებში საკონტეინერო გემების შემოსვლის რაოდენობა იზრდება, თუ 2015 წელს 318 საკონტეინერო გემის შემოსავლა დაფიქსირდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი – 433 იყო, ანუ ზრდამ 36 % შეადგინა,” – აცხადებს ცაგარეიშვილი.

ცაგარეიშვილის თქმით, იზრდება ერთი საკონტეინერო გემით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა და, შესაბამისად, გემების წარმადობა. 2015 წელს ამ მაჩვენებელმა – 1194 ( TEU) შეადგინა, 2019 წელს კი -1496 (TEU), ანუ ზრდა 25%-ია.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ცაგარეიშვილი ასკვნის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გემების მიერ დატვირთვიანობის 25%-ით გაზრდა ტარიფების შემცირებისა და ნავსადგურების კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალებას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები