ლაშა ხუციშვილი: დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია
დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში, უმუშევრობის მაჩვენებელი 21%-დან შემცირდა 14%-მდე, ასევე გაიზარდა ხელფასების ოდენობა კერძო სექტორში, გაცილებით უფრო მეტად ვიდრე საჯარო სექტორში.
„რეალურად, საჯარო სექტორში ხელფასების მოწესრიგების ფორმულა, რაც დღეს უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში, მუშაობს შემდეგნაირად, რომ ხელფასის ოდენობა, რომელიც საჯარო სექტორშია, უნდა იყოს გარკვეული პროცენტულობით კერძო სექტორთან მიმართებით. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ საჯარო სექტორში ოდესმე უნდა იყოს უფრო მაღალი ხელფასები, ვიდრე კერძო სექტორში. ბუნებრივია, ეს არ არის და ვერც იქნება. უბრალოდ, როდესაც ამ რეფორმას ვიწყებდით, ქვეყანაში იყო პერიოდი, როცა საჯარო სექტორში ხელფასების ოდენობა ზოგ შემთხვევაში 60%-ზე დაბლი იყო. შესაბამისად, ამ პირობებში, კვალიფიციური კადრების შენარჩუნების შესაძლებლობა საჯარო სექტორს ფაქტობრივად არ ექნებოდა. ასევე, იყო ძალიან მაღალი რისკი, გაუარესებულიყო ისეთი სერვისების მიწოდების ხარისხი, რასაც საჯარო სექტორი აწვდის ჩვენს მოსახლეობას. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მეტწილად აღმოფხვრილია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ხელფასების ნაწილი კერძო სექტორში გაცილებით მეტი პროცენტულობით იზრდება, ვიდრე საჯარო სექტორში და ბევრად მაღალია ვიდრე 10%-იანი ზრდები. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ხელფასებისა და დასაქმებულთა გაზრდამ, ასევე უმუშევრობის შემცირებამ, გამოიწვია ის, რომ საშემოსავლო გადასახადის ზრდა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ნომინალურ გამოხატულებაში ჩვენს ბიუჯეტში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.