თავდაცვის სამინისტროში „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს
თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ დარჩიაშვილმა და თამარ ქაროსანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან კანონპროექტის შესახებ რეკომენდაციები და შენიშვნები მოისმინეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა წინასწარ წერილობით წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები კანონპროექტზე, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იქნა განხილული.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოს თავდაცვის სიტემას, თავდაცვის დაგეგმვას, ასევე განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს თავდაცვის სფეროში. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვანი და ფასეული რეკომენდაციები მივიღეთ, რასაც, ვფიქრობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ძალზედ ინკლუზიურ პროცესს აწარმოებს, როდესაც საკითხი ეხება ასეთ მნიშვნელოვან კანონებსა თუ სტრატეგიულ დოკუმენტებს“, – განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა. როგორც მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ აღნიშნა, თავდაცვის უწყება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დისკუსიებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან:
„მათგან ვიღებთ ძალიან საჭირო, საინტერესო რეკომენდაციებს იმ საკითხების შესახებ, თუ როგორ შეიძლება უკეთესად დარეგულირდეს თავდაცვის სფერო და როგორ შეიძლება უკეთესად დაიგეგმოს და განხორციელდეს რეფორმები თავდაცვის სისტემაში“. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონპროექტი თავდაცვის სამინისტროში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა, რომელიც თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების თანახმად შეიქმნა. მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, კანონპროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარედგინება.