სოფლის მეურნეობაში სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, იშვიათი ადგილობრივი ვაზისა და ხეხილის ჯიშების მოძიების, აღდგენის, შენარჩუნებისა და გენოფონდის კვლევის მიზნით, 2020 წელს, კოლექციას 80-მდე ახალი ჯიში შეემატა.

მისივე თქმით, დღეისთვის, მოძიებული და დაცულია ვაზის 450-მდე ქართული, 350-ზე მეტი უცხოური და 400-ზე მეტი მრავალწლოვანი კულტურების ჯიში.
“სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონებში გაშენებული კოლექციებიდან მიღებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად დაეხმარება ფერმერებს კულტურებისა და კონკრეტული ჯიშების შერჩევისა და აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად განხორციელების საქმეში.
განხორციელდა ცხოველთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების და სანაშენე საქმიანობის წარმართვისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბების სამუშაოები, რომელიც საფუძვლად დაედება კერძო სექტორში მეცხოველეობის მიმართულებით სტიმულირების პროექტების გაფართოებას.
საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა და ამ მიმართულებით სანერგე მეურნეობების გაძლიერება მიმდინარეობს. სისტემის ფართოდ დანერგვა უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯანსაღი, ხარისხიანი და ჯიშურად სუფთა სათესლე და სარგავი მასალით ბაზრის უზრუნველყოფას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორტო შესაძლებლობის გაჩენას.
სასოფლო-სამეურნეო მიწების ინვენტარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური ერთობლივ სამუშაოებს NASA-სთან (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) ერთად ახორციელებს. სამუშაოების მიზანია ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე მიწის დეგრადაციის შესწავლა.
მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ხორციელდება, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა.
დასრულდა ანასეულში II დონის ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა.
ფერმერების ცოდნის დონის ამაღლების კუთხით 2020 წელს, გადამზადდა 1500-მდე ფერმერი. სულ ჩატარდა 45, მათ შორის 18 ონლაინ ტრეინინგი, გაწეულ იქნა 800-ზე მეტი სატელეფონო კონსულტაცია და რეკომენდაცია. ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოცემულია სხვადასხვა თემატური ბროშურა, წიგნი და მონოგრაფია”,- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები