ევროპის პროფკავშირები მოქალაქეებს უსაფრთხოების დადგენილი ნორმების ზედმიწევნით დაცვისკენ, მათ შორის, დისტანცირებისა და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებს

“ევროპის პროფკავშირები – საბჭოს ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომაზე შეიკრიბნენ, სადაც ევროპისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი – კოვიდ პანდემია, მილიონობით დაკარგული სამუშაო ადგილი და საარსებო სახსრების გარეშე დარჩენილი ადამიანების ბედი განიხილება”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბჭოს სხდომას ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს. შექმნილი მდგომარეობის გამო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში იმართება.

“კვლავ რჩება პანდემიის მესამე ტალღის რისკი, რიც გამოც ევროპის პროფკავშირები მოუწოდებს მოქალაქეებს უსაფრთხოების დადგენილი ნორმების ზედმიწევნით დაცვისკენ, მათ შორის დისტანცირების და პირბადეების გამოყენებისკენ. მსჯელობის საგანია არაერთი ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსისგან გადარჩენა და საარსებო სარჩოს გარეშე დარჩენილთა უზრუნველყოფა.

გამოწვევად რჩება ბევრ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სადაც პროფკავშირების გამოცდილებისა და რესურსების გამოყენების ნაცვლად, მიზანმიმართულად ხდება პროფკავშირების ნგრევა და ლიდერების დევნა. საუბარია უკრაინის, ბელორუსის და თურქეთის მაგალითებზე.

ინტენსიური განხილვის საგანია, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ევროკავშირი შექმნილი კრიზისიდან, როგორ აღდგეს დასაქმება და როგორ გადაწყდეს თანმდევი სირთულეები, ამისთვის კი ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. ევროკავშირი თანხმდება, რომ აუცილებელია შესაბამისი თანხების გამოყოფა, თუმცა ამ გადაწყვეტილებისთვის სრული კონსენსუსია საჭირო. პოლონეთი და ჰოლანდია წინააღმდეგები არიან. აქედან გამომდინარე საუბარი სწორედ ამ საკითხებს და მათ შორის საქართველოს დახმარებასაც ეხება. მსჯელობენ თუ რა უნდა გააკეთონ ჰოლანდიის და პოლონეთის პროფკავშირებმა, რათა აღნიშნული ქვეყნების მთავრობებმა გაითავისონ ამ საკითხის მნიშვნელობა, მხარი დაუჭირონ თანხების გამოყოფას ეკონომიკების და დასაქმების აღსადგენად, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

საბჭოზე განიხილება რიგ ქვეყნებში ,,შრომის სფეროში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ“ შსო-ს 190 კონვენციის რატიფიცირების საკითხი, ამას გარდა კამპანია მინიმალური ხელფასის შესახებ და შედეგები რომელიც აისახება საქართველოზე და ჩვენს მსგავს ქვეყნებზე. პოზიტიურად აღინიშნა, საქართველოში შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და შრომის ინსპექციის სრულად აღდგენა, რასაც ევროპა მიესალმება. თუმცა კვლავ უხერხულობას წარმოადგენს იმ მინიმალურ ხელფასზე საუბარი რომელიც საქართველოშია, ევროპის პროფკავშირები ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს პროფკავშირების დასახმარებლად, რათა ეს მნიშვნელოვანი ხარვეზიც, როგორც მინიმუმ ისევე გადაწყდეს, როგორც გადაწყდა შრომის კოდექსის და შრომის ინსპექციის საკითხები.

ევროპის პროფკავშირებში სრული ერთსულოვნებაა, მომავალ წელს მსოფლიო პროფკავშირების გენერალური საბჭოს საქართველოში გამართვის თაობაზე. აღნიშნული მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი წელს ჩვენი ქვეყანა უნდა ყოფილიყო, თუმცა იგი პანდემიის გამო ვერ ჩატარდა. საბჭოზე განიხილება ევროპის პროფკავშირების (PERC) საბჭოს 2021 წლის სამუშაო გეგმა და ძირითადი აქტივობები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება – ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები