ფაშინიანმა ქვეყნის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგინა
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატს ახალი ხელმძღვანელი, არა აივაზიანი წარუდგინა, რომელიც თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა.
ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა უწყების წინამორბედ ხელმძღვანელს, ზოგრაბ მნაცაკიანს გაწეული სამუშაოსთვის ასეთ “რთულ პერიოდში”. ასევე, თქვა, რომ ბოლო მოვლენები კარგად უნდა იყოს გაანალიზებული, უნდა გაკეთდეს დასკვნები და არავის უნდა ეშინოდეს გაბედული გადაწყვეტილებების.
ნიკოლ ფაშინიანმა ზოგრაბ მნაცაკიანი დაკავებული თანამდებობიდან 16 ნოემბერს გაათავისუფლა.
“გადავწყვიტე, თანამდებობიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გავათავისუფლო. დღის წესრიგში შუშა, როგორც ომის დასასრულის დასაწყისი იყო და ეს უტყუარი ფაქტია. როდესაც მშვიდობიან პროცესზე საუბრობენ, თუ ასეთი კარგი ვარიანტი ჰქონდათ, რატომ არ გადაწყვიტეს ის უკანასკნელი 30 და ბოლო 2,5 წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანამდე მან თქვა, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს ერევანში არსებობდა გეგმა, რომ ტერიტორიების ნაწილი ბაქოსთვის გადაეცათ, მათ შორის, შუშა.
სომხეთის პრემიერის ამ განცხადებას საგარეო უწყების პრესმდივანი, ანა ნაგდალიანი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებების არცერთ ეტაპზე ქალაქზე უარის თქმის საკითხი არ დამდგარა.