„საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რის გამოც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას მასზე დიდი გავლენა აქვს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ სებ-ის პროგნოზები, ძირითადად, სწორედ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და გაცვლითი კურსების მოსალოდნელ მაჩვენებლებს ეყრდნობა.
„განახლებული პროგნოზით, 2021 წლის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური გაჯანსაღების ტემპი არსებითად არ შეცვლილა. თუმცა, საყურადღებოა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მოსალოდნელი გაუფასურების ზომის მატება. ეს შესაძლებელია, პანდემიის გახანგრძლივებამ განაპირობა, რის შედეგადაც კაპიტალის განვითარებულ ქვეყნებში გადინების რისკები კვლავ არსებობს. კაპიტალის გადინების შედეგად კი გაცვლითი კურსი უფასურდება. გაცვლითი კურსის მოსალოდნელი გაუფასურების ფონზე, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაციური მოლოდინებიც გაიზარდა”, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 124.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (934.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (864.9 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ პოზიციაზეა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 670 048.4 ათას დოლარს გაუტოლდა და აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა რიგებში მეოთხე ადგილს იკავებს. მას მოსდევს სომხეთი ბრუნვის 465 530.4 ათას დოლარიანი მაჩვენებლით.
რაც შეეხება ვალუტის კურს. სებ-ის მონაცემებით, სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი ევროს მიმართ 1.0 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ 0.3 პროცენტით, თურქული ლირის მიმართ 5.6 პროცენტით, ხოლო რუსული რუბლის მიმართ 4.5 პროცენტით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი უცვლელი დარჩა.