გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა სოფელი გაანადგურეს. უსახლკაროდ დარჩა 73 ადამიანი, მათ შორის, 41 ბავშვი.
როგორც Guardian-ი იტყობინება, ისრაელის სამხედრო შენაერთებმა სოფელ ხირბეთ ჰუმსაში კარვები, სახლები, ცხოველთა თავშესაფრები და სხვადასხვა პუნქტი გაანადგურეს.
გაერო-ს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა ოკუპირებული პალესტინის ტერიროტიაზე, ივონ ჰელემ თქვა, რომ აღნიშნული სოფელი დასავლეთ ნაპირის ყველაზე ახალგაზრდა თემია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოპერაციის დროს საზოგადოების სამმა მეოთხედმა თავშესაფარი დაკარგა. ეს იყო ყველაზე დიდი აგრესია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
სოფელი ხირბეთ ჰუმსა რამდენიმე ბედუინისა და მეცხვარის ერთ-ერთი დასახლებაა იორდანიის ველზე. აღნიშნული სოფელი ისრაელის არმიის მიერ საწვრთნელ „საცეცხლე ზონებად“ არის გამოცხადებული.
ივონ ჰელემ ისრაელი საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევებში დაადანაშაულა. მისი თქმით, ისრაელის არმიამ 2020 წელს დასავლეთის სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის მასშტაბით, თითქმის, 700 ნაგებობა გაანადგურა.
ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათ განახორციელეს „სააღსრულებო მოქმედება“ უკანონოდ გაშენებული დასახლებების მიმართ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი აპირებს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების იორდანიის ველის ჩათვლით შემოერთებას, თუმცა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან გარიგების ფარგლებში, გადაწყვეტილება დროებით შეჩერებულია.