ალიევი – “სომხებს ჩვენს მეჩეთებში ღორები ჰყავდათ”
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს არტილერიის შეცდომას უწოდებს, თუმცა მისივე თქმით, შესაძლებელია აღნიშნული თავად სომხებმა მოწინააღმდეგის დადანაშაულების მიზნით გააკეთეს.
ამის შესახებ ალიევმა გერმანულ ტელეარხ ARD-თან საუბარში განაცხადა.
კითხვაზე, გამოდის, რომ ქრისტიანებმა დაბომბეს ეკლესია? – აზერბაიჯანის პირველი პირი ამბობს, რომ “მას უმნიშვნელო ზიანი მიადგა”.
“ნახეთ ფოტოები იმ ადგილიდან? უმნიშვნელო ზიანია. ეკლესია დანგრეული არ არის. მისი გარემონტება მაქსიმუმ ორ კვირაშია შესაძლებელი. ამიტომ, ეჭვი გვაქვს, რომ ეს თვითონ გააკეთეს, რომ ჩვენ დაგვადანაშაულონ. შეხედეთ ბაქოში სომხურ ეკლესიას. შევინარჩუნეთ ის, რესტავრაცია ჩავუტარეთ”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენ წარმოგიდგენიათ მუსლიმური მეჩეთის დანგრევა, რომ მოწინააღმდეგე დაადანაშაულოთ? – ალიევი ამბობს, რომ “არ ვიცი, შესაძლოა. შეიძლება ეს მოხდეს, რატომაც არა. აქ, ბაქოში, ჩვენს მიერ არის შენარჩუნებული სომხური ეკლესია. ის არ დაგვინგრევია. იქ ათასობით სომხურ წიგნს ვინახავთ. თავად კი, ზანგილანის მეჩეთში ღორებს ინახავდნენ. ამაშია განსხვავება”.