გერმანია ერთი თვით ნაწილობრივ იკეტება

გერმანიის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში რიგი მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს.

ამის შესახებ DPA გადაწყვეტილების პროექტზე დაყრდნობით წერს.

შესაბამის ზომებს დღეს ქვეყნის კანცლერი, ანგელა მერკელი 16 ფედერალური მიწის პრემიერებთან ვიდეოკონფერენციის გზით წარადგენს.

ახალი წესების თანახმად, რომლებიც ძალაში 4 ნოემბერს შევა და ძალაში ერთი თვის განმავლობაში დარჩება, ბარები, კლუბები, პაბები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები დაიხურება, სასტუმროებში დარჩენა მხოლოდ საპატიო მიზეზით იქნება დასაშვები, დაიხურება კინოთეატრები, თეატრები, აუზები, სპორტდარბაზები.

იკეტება სილამაზისა და მასაჟის სალონები.

ამასთან, საცალო ვაჭრობის სექტორი არ დაიკეტება ისევე, როგორც – საპარიკმახეროები და ისეთი დაწესებულებები, რომლებიც მოსახლეობას ფიზიოთერაპიის მსგავს მომსახურებას უწევენ.

ღია დარჩება სკოლები და საბავშვო ბაღები, თუმცა, აქ ჰიგიენის ახალი პროტოკოლები ამოქმედდება.

გერმანიაში ამჟამად ახალი შემთხვევების რიცხვი ბევრად აღემატება პანდემიის პირველ ტალღას.

მიუხედავად იმისა, რომ, მარტი-აპრილისგან განსხვავებით, ტესტირების რაოდენობა გაზრდილია, მთავრობა მიიჩნევს, რომ აფეთქების მიზეზი გახდა საზოგადოებრივი შეკრებები და ღამის ცხოვრება.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ​11 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა კვირის ანალოგიურ დღეს ეს რიცხვი 6868 ინფიცირებულს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები