პრემიერი: პირველ ყოვლისა, უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, ჩვენს ხანდაზმულებს
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა ებრძვით გლობალურ პანდემიას.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ, პირველ ყოვლისა, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. ესენი არიან, პირველ ყოვლისა, ჩვენი ხანდაზმულები. ქრონიკული დაავადების მქონე ჩვენი მოქალაქეები არიან მძიმე მდგომარეობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათზე ვიზრუნოთ. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარებაზე, ეს არ არის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, ეს არის შესაძლებლობა, ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ჩვენს ოჯახის წევრებზე. ამიტომ, პირბადის ტარება სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმია, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვებრძვით გლობალურ პანდემიას. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა პანდემიას ვერ დაამარცხებს. უაღრესად სამწუხაროა, რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა არ არის. ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები სულ უფრო და უფრო შევამციროთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.