გრძელი ბაზარი, ბამბის რიგი, ბოშის უბანი და დაბახანა ძველ თბილისში

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, გრძელი ბაზარზე, ბამბის რიგზე, ბოშის უბანასა და დაბახანაზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, როგორაა დახასიათებული აღნიშნულ წიგნში ეს ოთხი ძველთბილისური ადგილი.


დაბა(ღ) ხანა – შუა საუკუნეების თბილისში დაბაღების (მეტყავეების) საწარმოები განლაგებული იყო წავკისისწყლის ქვედა დინებაზე, მის შესართავთან მტკვართან. დღეს წავკისისწყლის ქვემო წელი მილებშია მოქცეული (გორგასალის მოედნის სამხრეთ–აღმოსავლეთით, აბანოების უბანში). დაბაღები აქ ტყავს ალბობდნენ და გამოსაქნელად ამზადებდნენ. ტყავის წარმოება თბილისში უძველესი დროიდან მოდის. დაბაღების რიგების ადგილმდებარეობის გამო წავკისისწყლის ქვემო წელს და მიმდებარე მცირე ტერიტორიას „დაბახანა“ უწოდეს.

გრძელი ბაზარი – გრძელ ბაზარს უწოდებს შარდენი (მე–17 საუკუნის 70–იანი წლები) სახელოსნოებსა და სავაჭრო რიგებს, რომელთაც ქართული წყაროები რასტამბაზარს უწოდებენ. იგი მდებარეობდა დღევანდელი სიონისა და ერეკლეს ქუჩების ხაზზე და ბატონის მოედანთან კარიბჭით მთავრდებოდა.

ბამბის რიგი – ქუჩა ვახტანგ გორგასლის მოედნის სიახლოვეს მდებარეობს. ადრე აქ ბამბით, მატყლით, ჩითით, ფარჩით მოვაჭრეთა დუქნები იყო განლაგებული. ეს ქუჩა ერთ–ერთი იშვიათთაგანია თბილისში, რომელსაც შუასაუკუნოვანი სახელი დღემდე შემორჩა.

ბოშის უბანი – ფეოდალურ თბილისში ცალკეული უბნების სახელები უმეტესად აიხსნება ან ამ უბანში განლაგებული ეკლესიის სახელწოდებით (ანჩისხატის, სიონის უბნები_ ან სარწმუნოებრივი ნიშნით (ურიათა უბანი, ფრანგთა უბანი), ან აქ მცხოვრებთა ვინაობით (ცოცხალაანთ, ფირყულაანთ, მუხრანბატონის). მე–18 საუკუნისა და მე–19 საუკუნის დასაწყისის საბუთებში მოიხსენიება ბოშის უბანიც, ამასთან ზოგჯერ მითითებულია ამ უბანში განლაგებული სახლის მეპატრონეებიც: „ბოშის შვილი სოსია“ ან „ბოშა მურადაანთ სახლი“. (მ. ბერძენიშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბილისი 1965 გვ. 50). სხვადასხვა მინიშნების თანახმად, ბოშის უბნის მდებარეობა საგულისხმოა იმდროინდელი თბილისის გარეთუბანში, დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი საცხოვრებელი სახლის ადგილზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები