სომხეთის პრემიერმინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ერევანსა და ბაქოს შეუძლიათ იმაზე შეთანხმება, რომ მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდნენ.
ამის შესახებ ფაშინიანმა “ინტერფაქსს” განუცხადა.
“ჩვენთვის მშვიდობისმყოფელების შეყვანა მისაღებია. შემიძლია, ვთქვა, რომ საკითხზე აზერბაიჯანის ხედვები სომხეთის ხედვების იდენტური არ იქნება. თუ კომპრომისებზე ვისაუბრებთ, აქაც კომპრომისული ვერსია შეიძლება, იყოს – რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნა. რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთანაც და სომხეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის სხვა ქვეყნების აზრის გათვალისწინება, რომ კონკრეტულმა სამშვიდობო ძალებმა რეგიონის სტაბილიზება უზრუნველყონ და არა – პირიქით”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ, საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შემთხვევაში, ერევანმა შესაძლოა, დახმარებისთვის რუსეთსა და კუხო-ს მიმართოს.
ფაშინიანის განცხადებას რუსეთში უპასუხეს, სადაც აღნიშნეს, რომ კუხო-ს თავდაცვითი პოტენციალის გამოყენება მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არაკორექტულია.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე პანკნმა განაცხადა.
“კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია საკუთარ წევრ-ქვეყნებს გარკვეულ შემთხვევაში ეხმარება, როდესაც ღია აგრესია არსებობს. ჯერჯერობით, საუბარი მთიან ყარაბაღზეა, რომელიც თავად სომხების მიერაც არ არის აღიარებული მათი ტერიტორიის ნაწილად და, ალბათ, ვერც იქნება აღიარებული”, – თქვა პანკინმა.