ყარაბაღის კონფლიქტი – ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა – რელიგიისთვის

The International Foundation for Better Governance AISBL ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგ რეგიონში განახლებულ დაპირისპირებასა და საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის საუბარი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქ შუშაში, რომელიც გაერო-ს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, სამხედრო მოქმედებების შედეგად სომხური ქრისტიანული ეკლესია დაზიანდა. სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ისტორიულ ტაძარზე შეტევაში დაადანაშაულა.

მიუხედავად გაერო-ს 4 რეზოლუციისა, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს, აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%, მათ შორის, ქალაქი შუშა, 1990-იანი წლებიდან სომხური მხარის დეფაქტო კონტროლის ქვეშაა.

მიმდინარე მოვლენებსა და ძალადობასთან დაკავშირებით ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. აზერბაიჯანი არ ეთანხმება სომხეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სამოქალაქო პირებისადმი ზიანის მიყენების თაობაზე და სომხურ არმიას განჯის, ტარტარის, ბეილაგანის, გარბანოისა და მინგეჩურის მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ცეცხლის გახსნაში თავად ადანაშაულებს. ყველა ეს ადგილი საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრიდან მოშორებით მდებარეობს და მას სამხედრო სამიზნეები არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, ისინი სომხური სამხედრო შეტევის ობიექტი გახდა, მათ შორის მინგეჩაური, სადაც სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ელექტროსადგური მდებარეობს, – ნათქვამია სტატიაში.

მედიასაშუალების ინფორმაციით, სომხური მხარის მიერ შუშაში ტაძრის აფეთქებაში აზერბაიჯანის დადანაშაულება საკმაოდ სახიფათო თემაა, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის აქამდე არ არსებული რელიგიური მოტივები გააღვივოს.

სომხეთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც ეკლესია ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში, განვითარებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში დიდი როლს თამაშობს.

აზერბაიჯანი მულტირელიგიური და მულტიკულტურული სეკულარული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მაგრამ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებით, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. აზერბაიჯანში ნებისმიერი კონფესიის ადამიანს შეზღუდვის გარეშე შეუძლია მისდიოს საკუთარ რელიგიას. აზერბაიჯანი ეხმარება და აფინანსებს სხვადასხვა რელიგიური ობიექტის – ეკლესიების, სინაგოგების აღდგენასა და რესტავრაციას არამხოლოდ საკუთარ ქვეყანაში. აზერბაიჯანი მონაწილეობს პარიზის ნოტრ-დამის რესტავრაციაში, რომელიც 2019 წლის აპრილში ხანძარმა სერიოზულად დააზიანა. ასევე მარსელინუსისა და პეტრეს კატაკომბების რესტავრაციაში ვატიკანში, ეკლესიებისა და სინაგოგების რესტავრაციაში საქართველში. აზერბაიჯანში ცხოვრობს დიდი ებრაული დიასპორა. ქალაქი ყუბა მთიელი ებრაელების უმსხვილესი დასახლებაა აზერბაიჯანში.

გამოცემის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დღეს მიმდინარე ომის საფუძველი საერთაშორისო სამართლისა და სუვერენული კონტროლის აღდგენის საკითხია და მის რელიგიურ პროპაგანდასა და დავაში გადაზრდა არასწორი და ძალიან სახიფათო იქნებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, აუცილებელია, რომ რეგიონულ კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულმა შუამავლებმა ყურადღება გაამახვილონ პროცესების სამართლებრივ მხარეზე, რაც ტერიტორიებსა და მათ სუვერენიტეტს შეეხება და არ დაუშვან, რომ მხარეებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა რასობრივი და რელიგიური სტერეოტიპებით მიაყენონ. ეს ემოციურად მოწყვლად კავკასიაში ვითარებას კიდევ უფრო ფეთქებადსაშიშს გახდის”, – ნათქვამია სტატიაში.

წყარო :/report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები