ყირგიზეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონობაი ჟეენბეკოვმა, მოსახლეობის ზეწოლის შედეგად, თანამდებობა დატოვა.

მან ყირგიზელებისთვის მიმართვა გაავრცელა, რომელშიც შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვითარება ორმხრივ კონფლიქტს უახლოვდება, სადაც ერთ მხარეს აქციის მონაწილეები არიან, ხოლო მეორეზე – სამართალდამცველები, რომლებიც “სახელმწიფო რეზიდენციის დასაცავად ვალდებულნი არიან, იარაღი გამოიყენონ”.

“ამ შემთხვევაში, სისხლი დაიღვრება, ეს გარდაუვალია. ორივე მხარეს მოვუწოდებ, პროვოკაციებს არ აყვნენ. ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭებული არ ვარ. არ მინდა, ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე ისეთ პრეზიდენტად, რომელმაც სისხლი დაღვარა და საკუთარ მოქალაქეებს ესროლა. ამიტომ, გადადგომა გადავწყვიტე”, – თქვა ჟეენბეკოვმა.

მან ახლადდანიშნულ პრემიერს, სადირ ჟაპაროვს! და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდა – მომხრეები ქვეყნის დედაქალაქიდან გაიყვანონ და ბიშკეკის მაცხოვრებლებს მშვიდობიანი ცხოვრება დაუბრუნონ.

ამის პარალელურად, სადირ ჟაპაროვის მომხრეებმა დღეს, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნაც წამოაყენეს.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის შედეგად, ოფიციალური მონაცემით, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან საკანონდებლო ორგანოში მხოლოდ 4 მოხვდა.

ცესკო-ს მონაცემმა არეულობა გამოიწვია ბიშკეკსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს, ასევე, პატიმრობიდან ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ გადაწყდა ცესკო-ს დათხოვნა და ხელახალი არჩევნების ჩატარება.

6 ოქტომბერს დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენელი – სადირ ჟაპაროვი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადეს. წინამორბედმა, ისევე როგორც პარლამენტის სპიკერმა, თანამდებობები დატოვეს.

7 ოქტომბერს პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

10 ოქტომბერს ყირგიზეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა და ქვეყნის პრემიერი სადირ ჟაპაროვი გახდა.

13 ოქტომბერს ბიშკეკში 19 ოქტომბრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები