ევროსაბჭომ “კოვიდ 19”-ის პირობებში თავისუფალი გადაადგილების შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა

ევროსაბჭომ კორონავირუსის პერიოდში ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების შესახებ რეკომენდაციები დაამტკიცა, რომელიც რეგიონებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად  4 ზონად ყოფს: მწვანედ, ნარინჯისფრად, წითლად და ნაცრისფრად.

ინფორმაციას ევროსაბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

რეკომენდაციები მიმართულია შენგენის ფუნქციონირების დარღვევის არიდებისაკენ.

ახალი რეკომენდაციის მიხედვით: ევროკავშირის წევრმა-ქვეყნებმა ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრს სამი კრიტერიუმისგან შემდგარი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ:

-ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი;

​​-ბოლო 1 კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა;

-ბოლო ერთ კვირაში ტესტების დადებითი შედეგის პროცენტული მაჩვენებელი;

აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით, ცენტრი ყოველკვირეულ რუკას გამოაქვეყნებს, სადაც რეგიონები 4 ზონად იქნებიან დაყოფილი;

– “მწვანე ზონაში” მოხვდებიან ის ქვეყნები, რომლებშიც 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათას მოსახლეზე 25-ზე ნაკლები იქნება, დადებითი ტესტების მაჩვენებელი კი – 4%-ზე დაბალი;

– ”ნარინჯისფერში” მოხვდებიან იმ შემთხვევაში, თუ 14 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათას მოსახლეზე 50-ზე დაბალი, ხოლო ტესტებზე დადებითი პასუხები 4% ან მეტს შეადგენს, ან თუ ბოლო 14 დღის განმვალობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 25-დან-150-მდე მერყეობს, დადებითი ტესტების მაჩვენებელი კი 4%-ზე დაბალია.

– “წითელ ზონას” რაც შეეხება, აქ ის ქვეყნები მოხვდებიან, სადაც ბოლო 14 დღის მანძილზე ახალი შემთხვევების რიცხვი 50, ან მეტს შეადგენს, დადებითი ტესტების რაოდენობა 4% ან მეტს, ან ბოლო 14 დღის განმვალობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 150-ს აღემატება;

– “ნაცრისფერში” იქნებიან ის ქვეყნები, რომლიდანაც არასაკმარისი ინფორმაცია მოდის, ან ტესტირების მაჩვენებელი 300-ზე ნაკლებია.

წევრმა-ქვეყნებმა, კონკრეტულ ქვეყანასთან გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმღებ ქვეყანას შესაბამისი ინფორმაცია 48 საათით ადრე უნდა მიაწოდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები