„აჩვენეთ ასეთი ოპოზიციონერები ამომრჩევლებს და მათ საპარლამენტო არჩევნებში შანსი აღარ ექნებათ“

“ტავტოლოგიაა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ხელისუფლებასთან შედარებით, იმ „პრეფერენციებით“ სარგებლობს, რომ ის ფაქტობრივად პასუხს არაფერზე აგებს, პროფესიონალ საქმიანობად მხოლოდ დაუსაბუთებელი კრიტიკა აქვს, ხოლო მათი წინასაარჩევნო დაპირება – ჰელიუმით გაბერილი ბუშტივითაა – როგორც კი „ხელს გაუშვებ“ ჰაერში იკარგება და გათვითცნობიერებულ მსმენელსა და მაყურებელში სინანულს თუ არა, ირონიულ ღიმილს მაინც იწვევს”, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ პარლამენტის დღევანდელი სხდომა, რომელშიც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდა.
ექსპერტის განცხადებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას არა აქვს სიტყვების ჰაერზე სროლის ფუფუნება – მის ყოველ განცხადებას, დათქმას, პირობას გამოცდას პრაქტიკა უწყობს, ამიტომაც იგი ყოველთვის რეალობისა და ობიექტურობის ფარვატერს მისდევს.
„ამ პოლიტიკის წყალობით საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად მრავალი სირთულისა და ფორს-მაჟორული ვითარებისა, წარმატებებიც თვალსაჩინო აქვს: ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად ბოლო დღეების გაუარესებული სტატისტიკისა, პოსტსაბჭოთა სივრცის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე 6-ჯერ ნაკლები კოვიდ-ინფიცირებული ჰყავს, ხოლო ეკონომიკის ვარდნის მასშტაბები ისეთი მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანებასთან შედარებით, როგორიცაა ევროკავშირი – ორჯერ ნაკლები. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას ორერთიანი ამოცანის გადაჭრა – ინფექციის გავრცელების შეზღუდვა და ეკონომიკის ვარდნის მინიმიზაცია ზოგჯერ არაპოპულარული, თუმცა საბოლოო ჯამში გამართლებული ნაბიჯების გადადგმის ხარჯზეც უწევდა, რის გამოც არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის პოზიტიური შეფასებაც დაიმსახურა“, – აღნიშნა ექსპერტმა.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დღევანდელი გამოსვლა ამგვარი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო გამსჭვალული. მისი თქმით, ნათია თურნავას მიერ მოტანილი არგუმენტირებული ინფორმაცია პანდემიის გამო შექმნილ არაორდინალურ სიტუაციაში მთავრობის თანმიმდევრულ ნაბიჯებზე დამაჯერებლად ხსნიდა სიტუაციის არსს, ხოლო რეაგირება ზოგიერთი ოპოზიციონერის „კავალერისტულ შეტევებზე“ თავისი ფორმით და შინაარსით კიდევ უფრო დამაჯერებელსა და წონადს ხდიდა მინისტრის პასუხებს.
„მთლიანობაში, თუ დღევანდელ საპარლამენტო დებატებს წინასაპარლამენტო არჩევნების ფორმატშიც განვიხილავთ, იგი ხელისუფლების უდავო გამარჯვებით იქნა დასრულებული. ერთ დროს პოპულარულ საბავშვო ანსამბლ „მზიურზე“ მაღალი ტრიბუნიდან ითქვა: „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება“. დღევანდელ საპარლამენტო დებატებში ზოგიერთი ოპოზიციონერის კითხვების ფორმისა და შინაარსის, მათზე მოსმენილ პასუხებზე რეაგირების ხილვით მიღებული შთაბეჭდილებებით „მზიურზე“ ნათქვამის პერიფრაზს მოვახდენ და ვიტყვი, რომ „აჩვენეთ ასეთი ოპოზიციონერები ამომრჩევლებს და მათ საპარლამენტო არჩევნებში შანსი აღარ ექნებათ“, – აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები