ნათია თურნავა – „ევროპულ საქართველოს“: მანამდე გვაკრიტიკებდით და მაინცდამაინც ამ პანდემიის დროს გახდით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქომაგები?

„გვაკრიტიკებდით, რატომ შემოიყვანეთ „რაინეარიო“ და დაკითხვებს გვიწყობდით ამაზე, ამიტომ, ნუ ქმნით ილუზიას, რომ მაინცდამაინც ახლა, როცა გლობალური პანდემიაა და ქვეყნები პერიოდულად იღებენ ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილებებს, გახდით დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ქომაგები“, – ასე უპასუხა ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ ფრენებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საქართველოს პარლამენტში.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მინისტრის თქმით, როდესაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ქვეყანაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, მათ შორის, „ვიზ ეარისა“ და „რაინეარის“ შემოყვანაზე, ისმოდა მოსაზრებები, რომ იაფი ფრენების წყალობით დაიცლებოდა საქართველო და მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებისთვის გავიდოდა ქვეყნიდან. „ერთი უხერხული ფაქტი მახსენდება: 2019 წელს, როდესაც მთავრობა და, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო საკმაოდ ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ვასრულებდით „რაინეართან,“ საქართველოში ჩამოსული იყო კომპანიის პრეზიდენტი და რამდენიმე დღეს იყო დარჩენილი იქამდე, რომ ერთობლივად დაგვეანონსებინა ამ გლობალური, დაბალბიუჯეტიანი გიგანტის შემოსვლა ქვეყანაში. ეტყობა, ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმა გაიგეთ ეს ინფორმაცია, სამი-ოთხი დღით ადრე სასწრაფო წესით ჩაატარეთ პრესკონფერენცია და ჩვენი მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვეთ „რაინეარის“ შემოყვანა. მესმის, რომ ყველას უნდა, ჩაგვეზიაროს ამ კარგ მიღწევაში, მაგრამ ეს ცოტა უხერხულია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, საქართველო გადავიდა უკვე ადაპტაციის ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისიდან მოყოლებული ეტაპობრივად, ფრთხილად იხსნება ფრენები და პერიოდის შემდეგ ისევ იმ ნიშნულს უნდა დავუბრუნდეთ, რაც გვქონდა პანდემიამდე.

„2019 წელს ჩვენს ცაში დაფრინავდა 50-ზე მეტი ავიაკომპანია და ახლაც ყველას აქვს გამოთქმული მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობაზე განაგრძონ ფრენა 83 მიმართულებით, ხოლო 2012 წლამდე იყო სულ 28 ავიაკომპანია, ანუ ორჯერ ნაკლები და 44 მიმართულება. რატომ არ შემოიყვანეთ „ვიზ ეარი“ ან „რაინეარი“? ისეთი პათოსით საუბრობთ ხოლმე ამ თემაზე, თითქოს, ჩვენი ხელისუფლების დროს არ მოხდა ამ დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შემოყვანა“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები