ევროკავშირი რუსეთს “გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდებს – რუსეთი კი “სარკისებრი” პასუხის გაცემით იმუქრება
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი რეზოლუცია მიიღო – დოკუმენტი რუსეთს „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდებს.
ევროკავშირმა 16-პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის მოწამვლის საერთაშორისო გამოძიების დაწყებას გულისმოხბს.
დოკუმენტის მიღებაში მონაწილეობას იღებდა ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, რათა უზრუნველყონ მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
ევროკავშირში ასევე რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრობენ და წევრ ქვეყნებს ერთობლივი პოზიციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მიღებული რეზოლუცია ადასტურებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსეთისთვის გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის, ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2,,-ის მიმართ.
რეზოლუციის მე-15 პუნქტი ეხება რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, რომ შეიქმნას პირობები რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ქვეყნებში სწავლა.
ზემოხსენებულს საპასუხო რეაქციები მოჰყვა მოსკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ყოველთვის სარკისებურად იმოქმედებს.
„ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ სამართლიანები და არა – სისხლისმსმელნი, ამიტომ, ჩვენი მოქმედებები სიმეტრიულია, დიპლომატია არ არის ბიზნესის კეთება”, – აცხადებს დიპლომატი.
მისივე თქმით, „ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთ, როგორც ყველა სანქციაზე. თქვენ გაქვთ მცდელობა, წაშალოთ ჩვენი მედია ინფორმაციული სივრციდან, რათა არ მოხდეს ჩვენი ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების შემოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში. თქვენ მშვენივრად იცით, რომ შეგვიძლია და შეგვიძლია სამწუხაროდ, ჩვენ უკვე კარგად ვისწავლეთ ამის კეთება“.