სოზარ სუბარი: მეორე ტური მოსალოდნელია იმ ოლქებში, სადაც 3-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს

წინასაარჩენო სამზადისზე, NDI-ს კვლევის შედეგებზე, მართველი პარტიის საპროგრამო პრიორიტეტებზე ,,კვირა“ სამგორის საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, სოზარ სუბარს ესაუბრა:

-თქვენმა წინასაარჩევნო შეხვედრებმა სამგორის ამომრჩეველთან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

-სამგორი დიდი რაიონია, შესაბამისად, გადასაწყვეტი პრიბლემაც მეტია. აფრიკის დასახლებაში, არასოდეს აქამდე, კომუნისტების დროსაც კი მოსახლეობას არ ჰქონდა კანალიზაცია და გრაფიკით მიეწოდებოდა წყალი. ძალზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ვანუგეშეთ, ჩავატარეთ ტენდერი, გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს მომავალში აფრიკის დასახლებას წყლისა და კანალიზაციის პრობლემა მოუგვარდება. მხვდება უამრავი მოქალაქე, რომელსაც ახსოვს ჩემი მოღვაწეობა სახალხო დამცველის პოსტზე. მახსენებენ, რომ მათთვის შემინარჩუნებია სახლი, გადამივადებია საბანკო ვალდებულებები… ამიტომ, უზარმაზარ სტიმულს მაძლევს მოსახლეობასთან შეხვედრები, თუმცა, ვაცნობიერებ, რომ პრობლემა ბევრია და, შესაბამისად, სამუშაოც ბევრი.

-დღემდე ,,ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენია, რას სთავაზობს მართველი პარტია მოქალაქეებს 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

-ძალიან მალე ჩვენ გამოვაქვეყნებთ პარტიის სამოქმედო პროგრამას 2020-2024 წლებისთვის. არსებობს ვრცელი და გამარტივებული ვარიანტები. ვრცელში დეტალურადაა გაწერილი, რას ვაპირებთ წლების, თვეებისა და კვირების მანძილზე, მოკლე პროგრამაში კი მარტივადაა აღწერილი ჩვენი საარჩევნო პრიორიტეტები, რომ ყველა მოქალაქემ გაიგოს, რას აპირებს ,,ქართული ოცნება“ გამარჯვების შემდეგ.

-საინტერესოა, როგორ აპირებთ ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას 7%-იანი ეკონომიკური ვარდნის პირობებში?

-წარმოებისა და სოფლის მერნეობის სტიმულირებით. უპრეცედენტოდ დიდი ფული ჩაიდო წინა წლებში სოფლის მეურნეობაში. “დარგე მომავალმა“ საქრთველოს მისცა 10 000 ჰექტარზე გაშენებული ხილის ბაღები, რაც აქამდე არ ყოფილა. წელს 25 000 ტონა ქართული ატამი გავიდა ექსპორტზე, რაც ასევე სიახლე იყო ქართველი ფერმერისთვის. ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ღვინის გადამამუშავებელი 120 ქარხნის რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა. უამრავი ადამიანი დაუბრუნდა სოფელს. ჩვენ, მეცნიერებთან ერთად, მოვახერხეთ ფაროსანასთან გამკლავება 2 წელიწადში მაშინ, როცა ამერიკა, თურქეთი და ბევრი სხვა სახელმწიფო 10 წელს ებრძოდა ფაროსანას. წელს ველით თხილის უხვ მოსავალს, რაც შვება იქნება როგორც ბევრი ფერმერისთვის, ისე – ქართული ეკონომიკისთვის.

-NDI-ს კვლევის შედეგებს როგორ აფასებს ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტობის კანდიდატი?

-მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამგვარ კვლევებში ცდომილება, დაახლოებით, 40%-ია. ამიტომ, დიდად არ ვენდობი მის შედეგებს. თუმცა, როგორც პოზიციისთვის, ისე ოპოზიციისთვის ხანდახან კარგია კვლევის შედეგების გაანალიზება, რომ იცოდე, სად ხარ მოცემულ მომენტში და რა სტრატეგია დაგეგო სამომავლოდ.

-მეორე ტურს ელით სამგორის საარჩევნო ოლქში?

-პირადად მე – არა. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტური მოსალოდნელია მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში, განსაკუთრებით იქ, სადაც 3-ზე მეტი კანდიდატი იყრის კენჭს.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები