როგორ აფასებენ IRI-ის კვლევებს პოლიტიკოსები – “არასოდეს ასახავს სიმართლეს, ნერვებს უშლის ამომრჩეველს”

“აირაი”-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგები ქართველმა პოლიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. პარტიათა ლიდერების აზრით, კვლევა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სუბიექტური იყო და არ ასახავდა რეალურ წინასაარჩევნო სურათს.

“კვირა” პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს და საზოგადოების სხვა ცნობილ სახეებს დაუკავშირდა:

ნანა კაკაბაძე – უფლებადამცველი:

– “აირაი-მ” მისთვის ძალზე უჩვეულო, რეალობათან მიმსგავებული კვლევის შედეგები დადო. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან სიტუაცია დაალაგა და საინფორმაციო გარღვევა მოახდინა. ეს ნათლად გამოჩნდა 20 ივლისის მოვლენების შეფასების დროსაც, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიტინგის დაშლისას გამოიყენა პროპორციული ძალა და იმოქმედა მოვლენების შესაბამისად. ვფიქრობ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამერიკელთა ნდობა დაკარგა. მიტინგებმა, რომელსაც ოპოზიცია პარლამენტის წინ მართავდა, აგრეთვე მოთხოვნამ იმის შესახებ, რომ ციხეებიდან გამოეშვათ ვითომდა პოლიტპატიმრები, შედეგი ვერ გამოიღო. მეჩვენება, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციას ამ არჩევნებში მხარს აღარ დაუჭერს. ამიტომაც, “აირაი-მ” დადო რეალობასთან მაქიმალურად მიახლოებული კვლევა, რაც, უთუოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია უცხოური ორგანიზაციების საქართველოში წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების ისტორიაში.

– ,,ქართული ოცნების” 33% რეალურად გეჩვენებათ?

– პანდემიის ფონზე ხელისუფლების სწორმა მუშაობამ “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა ნდობა დაუბრუნა. ეს 33%-იც ამის მაჩვენებელია.

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტია”:

-კარგა ხანია, აღარ ვაკეთებ კომენტარებს ამ ვითომდა ,,კვლევების” თაობაზე და ჩემი პარტიის წევრებსაც კატეგორიულად ვუკრძალავ ამას, რადგანაც არცერთი კვლევის შედეგი არასოდეს ასახავს სიმართლეს, ნერვებს უშლის ამომრჩეველს, ზედმეტად ანერვიულებს არჩევნების წინ!

გია ლომია – “პატრიოტთა ალიანსი”:

-“აირაი-მ” დადო მორიგი ტყუილი წინასაარჩევნოდ. დამისახელეთ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელმაც ამ კვლევებში მონაწილეობა მიიღო! ეს არის მორიგი ტყუილი, რათა ამომრჩეველი დაარწმუნონ არჩევნების მომავალ შედეგებში. ყველაფრიდან ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებს არჩევნების გაყალბებას და წინასწარ ცდილობს, ელექტორატი შეაგუოს მოსალოდნელ შედეგს.

-რამდენადაც ვიცით, ,,პატრიოტთა ალიანსმა” საკუთარი წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარა. როგორია თქვენი სტატისტიკა?

 

-ჩვენი კვლევის შედეგებს დავდებთ რამდენიმე კვირაში, არჩევნების თარიღთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვადაში. მანამდე გეტყვით, რომ გამოვიკითხეთ მილიონ 200 000 ადამიანზე მეტი და ჩვენი კვლევის შედეგები ბევრად განსხვავდება “აირაი-ს” კვლევის შედეგებისგან.

-თქვენი პარტია მუდამ დიდ ცდომილებაში ხვდება, როგორც ქართული, ისე – უცხოური კვლევების შედეგებში. რატომ?

-თავად განსაჯეთ: უკანასკნელ ადგილობრივ არჩევნებში ,,პატრიოტთა ალიანსმა” ამომრჩეველთა ხმების 20% აიღო მაშინ, როდესაც, ენდიაი-ს კვლევის მიხედვით, 1-2% უნდა მიგვეღო. 2016 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 5,1% მოვიპოვეთ მაშინ, როდესაც კვლავ ენდიაი-ს კვლევების შედეგებით 1,7 უნდა მოგვეპოვებინა. 2017 წელსაც ადგილობრივ არჩევნებში 6,7% მოვიპოვეთ, როდესაც, აირაი-ს კვლევის თანახმად, ამომრჩაველთა ხმების 2, 3% უნდა მოგვეპოვებინა. ჩვენ შევხვდით როგორც “აირაი-ს”, ისე – “ენდიაი-ს” წარმომადგენლებს და დავინტერესდით, რატომ იყო ასეთი დიდი ცდომილება არჩევნების რეალურ შედეგებსა და მათ კვლევებს შორის. მათ განგვიცხადეს, რომ ცდომილება კვლევებში ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, რატომღაც, ,,პატრიოტთა ალიანსი” სულ მინუსშია და არასოდეს – პლუსში.

ბექა ოდიშარია – ,,ქართული ოცნება”:

-კვლევაში, როგორც ყოველთვის, დიდი ცდომილებაა, ,,ქართული ოცნება,, გაცილებით მეტ საარჩევნო ხმას მოიპოვებს, ვიდრე ეს ენდიაი-ს კვლევითაა გათვალისწინებული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოსაყვანად და ამას ხედავს ამომრჩეველი.

მიხეილ კაჭკაჭიშილი – ,,გამარჯვებული საქართველო”

-თქვენს პარტიას ენდიაი-ს კვლევის მიხედვით, მომავალ არჩევნებში მოსახლეობის 1% დაუჭერს მხარს. რამდენად ობიექტური გეჩვენებათ აირაი-ს კვლევის შედეგები?

-დავიწყებ ,,გამარჯვებული საქართველოთი”. პარტია სულ 1 წლის შექმნილია, ამ ერთი წლიდან კი მისი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი 9 თვეს ციხეში იჯდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენგან წავიდა ბევრი ფასეული პოლიტიკოსი, რადგან აღარ სჯეროდათ მისი მომავლის. ასე რომ, 1% ,,გამარჯვებული საქართველოსთვის” ნორმალური მაჩვენებელია. რაც შეხება ,,ქართული ოცნების” 33 %-ს, ძალზე გადაჭარბებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშილი ამ არჩევნებს ვეღარ მოიგებს ვერც ხალხის მოსყიდვით და ვერც – ტოტალური გაყალბებით, რასაც უკვე დღეს ახორციელებს. ამომრჩეველი გამოვა ქუჩაში და ,,ქართული ოცნება” მიიღებს იმას, რასაც ლუკაშენკო – ბელორუსში და კიდევ ბევრი არადემოკრატიული ხელისუფლება.

ქეთი დოლიძე – კინორეჟისორი:

-დიდი ხანია, კომენტარებს აღრ ვაკეთებ პოლიტიკურ მოვლენებზე. ენდიაი-ს კვლევა საკმაოდ ობიექტური მეჩვენება, უბრალოდ, გული დამწყდა ,,პატრიოტთა ალიანსის” 3%-ზე. მიმაჩნია, რომ ეს პარტია ამომრჩეველთა ბევრად უფრო დიდ ნდობას იმსახურებს.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები