არჩილ თალაკვაძე: საქართველოს სასამართლო სისტემის პროგრესს საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ

“დღეს ჩვენი სასამართლო მოქალაქეებისათვის ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საიმედოა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემის პროგრესს საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ.

„მოგეხსენებათ, ევროკავშირი და ევროპარლამენტი აფასებს პროგრესს. პროგრესი, თავისთავად, არის იმ გადაწყვეტილებების და რეფორმების უწყვეტი პროცესი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა. ვფიქრობ, დღეს თითოეული მოქალაქისა და ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის კონტრასტი და განსხვავება ძალიან ადვილად დასანახი და თვალშისაცემია. ის სასამართლო, სადაც სახელმწიფო მოქალაქესთან დავაში ყოველთვის მართალი იყო, იმ პოლიტიკის გამგრძელებელი გახლდათ, რასაც პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ადგენდნენ მოქალაქესთან მიმართებაში. სასამართლო, რომელში დავის შედეგადაც, ათასობით ჩვენი მოქალაქე მიდოდა სტრასბურგში და ევროსასამართლოში ეძებდა სამართალს.

დღეს ეს ყველაფერი შეცვლილია, ევროსასამართლოში მიმართვების 60-პროცენტიანი კლება გვაქვს. სასამართლოს მუშაობის სტატისტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში ბალანსია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დღეს ბევრად უფრო მეტად პოულობენ სამართალს ეროვნულ სასამართლოებში. ასევე, თუ ვნახავთ საერთაშორისო რეიტინგებსაც, იქაც ვნახავთ, რომ ჩვენი ქართული სასამართლო არის 16 სასამართლო სისტემას შორის ევროპაში. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ქვეყანა და სასამართლო სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებულია. ჩვენ სასამართლოში რეფორმების ოთხი ტალღა განვახორციელეთ. მეოთხე ტალღა ახლა მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად ახალ ცვლილებებზე დღესაც ვმსჯელობთ, რაც ასევე ემსახურება სასამართლო დამოუკიდებლობის განმტკიცებას და გაძლიერებას. ეს არის პროგრესი, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან არის დანახული. რასაკვირველია, სრულყოფილი სასამართლო არ არსებობს, არც საქართველოს აქვს სრულყოფილი სასამართლო. ჩვენ გჭირდება რეფორმების გაგრძელება, მაგრამ დღეს ჩვენი სასამართლო არის ბევრად უფრო თავისუფალი, ბევრად უფრო დამოუკიდებელი და საიმედო ჩვენი მოქალაქეებისათვის, ვიდრე წარსულში ყოფილა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები