„ბევრ ექსცესს, სპეკულაციასა და ძალადობრივ გამოხტომას ველოდებით“ – სამოქალაქო მოძრაობა „მარო მაყაშვილი“ საარჩევნო პროცესს დააკვირდება

“ვაფუძნებთ სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც საარჩევნო პერიოდში ძალიან აქტიური იქნება და დააკვირდება პროცესს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა „მარო მაყაშვილის“ დამფუძნებლებმა – ლიკა გამრეკელმა და შაკო კუჭაშვილმა განაცხადეს.

მათი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრებს დაესწრებიან. როგორც ლიკა გამრეკელმა განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ექსცესი და სპეკულაციაა მოსალოდნელი.

„მოძრაობა, რომელსაც ახლიდან ვაფუძნებთ, 2012 წელს ჩემ მიერ იყო დაფუძნებული. ეს იყო ქალთა საზოგადოებრვი მოძრაობა – „მარო მაყაშვილი“ . ახლა გადავწყვიტეთ, სახელი იგივე დავტოვოთ და სამოქალაქო მოძრაობად გადავაკეთოთ.

ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურები წინასაარჩევნო პერიოდში. გვექნება დამკვირვებლის ფუნქცია როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე – არჩევნების დღესაც. საარჩევნო პერიოდში ვგეგმავთ, წავიდეთ და ვნახოთ ყველა შეხვედრა, რომელსაც მაჟორიტარობის კანდიდატები მართავენ ხალხთან. საერთაშორისო ორგანიზაციები, და არამარტო ისინი, საუბრობენ იმაზე, რომ სიტყვის თავისუფლება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, კანდიდატებმა მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავონ მოსყიდვისაგან. „ნაცები“ ამით ძალიან ცუდად სპეკულირებენ, როცა საუბრობენ, მოსყიდვას აქვს ადგილიო. ამიტომ, ჩვენი თვალით ვნახავთ ამ ყველაფერს. ორგანიზაციაში გაწევრიანებულები იქნებიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პარტიასთან, ანუ არაპარტიული სეგმენტის შემოკრებას ვცდილობთ“, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.
მისივე თქმით, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები საარჩევნო პერიოდში ყველა დარღვევას აღრიცხავენ.

„წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან ბევრ ექსცესს ველოდები, სპეკულაციებიც იქნება. ასევე, ძალადობრივ გამოხტომებსაც ველით. ნიკა მელიამ უკვე დაიწყო ახალგაზრდების მოკრება, რომელიც საკმაოდ აგრესიულები არიან. არამარტო ნიკა მელიამ, ვიცით და გვაქვს ინფორმაცია , რომ აპირებენ წერტილოვან დარტყმებს. ვეცდებით, ასეთ პერიოდებში ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ცხელი წერტილი იქნება, რადგან საზოგადოებას დავანახოთ – ვის და ვის შორის არის დღეს არჩევანი. ჩვენ ყველა დარღვევას აღვრიცხავთ. თითქმის ყველა მაჟორიტარის შეხვედრებს დავესწრებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების შეკრებებზეც შეიძლება, გვიხილოთ. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან პროვოკაცია, ეს იქნება ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. გვაინტერესებს, რაზე ესაუბრებიან ისინი ამომრჩევლებს. გვექნება მწვავე კითხვები. მათგან თუ არ წამოვა აგრესია, ჩვენგან არასდროს წასულა აგრესია არცერთი ადამიანის მიმართ”, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები