საქართველოში შვეიცარიის საელჩო: შვეიცარია ამაყობს პოლიტიკურ დიალოგში ჩართულობითა და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში წვლილის შეტანით

“შვეიცარია ულოცავს საარჩევნო ქცევის კოდექსის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს და მოუწოდებს დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ კოდექსს”, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შვეიცარია ამაყობს პოლიტიკურ დიალოგში ჩართულობითა და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში წვლილის შეტანით.

“შვეიცარია ულოცავს საარჩევნო ქცევის კოდექსის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს და მოუწოდებს დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ კოდექსს, რომელიც შემუშავდა შვეიცარიის საელჩოსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

ჩვენ მოვუწოდებთ პარტიებს დაიცვან ქცევის კოდექსის პირობები ურთიერთპატივისცემის, მრავალფეროვნებისა და კონსტრუქციული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

შვეიცარია ამაყობს პოლიტიკურ დიალოგში ჩართულობით და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში წვლილის შეტანით, რაც მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისა და კონფლიქტების პრევენციის სტრატეგიის ნაწილია”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია ცესკომ შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა. ქცევის კოდექსის ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები