გელა კვაშილავა: თუ Covid 19-ის შემთხვევების რიცხვი კიდევ მოიმატებს, ტრანსპორტში სანიტაიზერებიც უნდა გაჩნდეს

“თუ კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კიდევ მოიმატებს, საზოგადოებრივ ტრანპორტში სანიტაიზერებიც უნდა გაჩნდეს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერო-ს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავამ განაცხადა.

კვაშილავამ ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მგზავრების თერმოსკრინინგიც განხორციელდეს.

„სექტემბრის დაწყებისთანავე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობამ მოიმატა. იმ პირობებში, როცა მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, საზოგადოებრივ ტრანსპორტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან აქ დიდი რისკია, მოქალაქეთა დიდი რაოდენობა იყრის თავს. შეიძლება, ერთმა ინფიცირებულმა ვირუსი მასობრივად გაავრცელოს.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაამტკიცეს, რომ თუ პირბადეს არ ვატარებთ, განსაკუთრებით – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში, სადაც საუბარია, კომუნიკაციაა, ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აკვირდებოდნენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ წარმოადგენს მომატებული რისკის ადგილს. ნახეს, რომ, ძირითადად, ვირუსის გავრცელება ხდება არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არამედ – რესტორნებში, ბარებში. იმის გამო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოსახლეობის დიდი ნაწილი იკეთებს პირბადეს, ასევე, ადამიანებს შორის კონტაქტი ხანმოკლეა, 15-20 წუთით რჩებიან ტრანსპორტში“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა, აუცილებელია, ის კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„აუცილებელად უნდა მოხდეს სატრანსპორტე საშუალებების რაც შეიძლება ხშირად დეზინფექცია. სხვადასხვა ქალაქის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებით აუციელბელია: პირბადე, დეზინფექცია, მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია, სანიტაიზერები. თუ ვირუსის შემთხვევების რიცხვი კიდევ მოიმატებს, ტრანპორტში სანიტაიზერებიც უნდა გაჩნდეს. ამ ყველაფერს ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, მგზავრების თერმოსკრინინგიც ჩატარდეს.
ჩვენ მერიასთან, სატრანსპორტო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. ვაპირებთ, დაკვირვებები, რეკომენდაციები გავუზიაროთ. მნიშვნელოვანია, ყურადღების მოდუნება არ მოხდეს“, – განაცხადა გელა კვაშილავამ.

შეგახსნებეთ, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.
დღეს ვირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები