შალვა კერესელიძე: განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან რეგიონებში განათლების კუთხით გავამახვილეთ

მმართველმა პარტიამ – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წარადგინა.  გამოსვლა დუშეთში გაიმართა.

კერესელიძის თქმით, ორწლიანი მუშაობის შედეგად, დუშეთში პარტიამ უამრავი კარგი რამ გააკეთა.

“დიდი პატივია, იყო მცხეთა -მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. უკვე ორი წელია, ერთად ვმუშაობთ და ალბათ დამეთანხმებით, დუშეთში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით. ძალიან ბევრი, კარგი და წარმატებული საქმეები და პროექტები განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე.
საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან რეგიონების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. საქართველოს პრემიერმინისტრმა ზუსტად აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი დუშეთში ცხოვრობს, მთაში თუ თბილისში”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მისივე შეფასებით, ყველა ადამიანს უნდა გქონდეს შექმნილი შესაბამისი გარემო და პირობები.

“ყველას უნდა ჰქონდეს შექმნილი შესაბამისი პირობები და გარემო. სწორედ ეს დავისახეთ მიზნად და განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან რეგიონებში განათლების კუთხით გავამახვილეთ – რეაბილიტაცია ჩავუტარეთ პანსიონებს, ვაშენებთ ახალ სკოლებს. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც შარშან ჩვენ პრაქტიკულად ხუთი თვეში ორი ახალი მცირე ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენ შევძელით მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და მე, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მთის კაცი, ძალიან დიდი ქომაგი და მხარდამჭერი ვარ მაღალმთიანი ხეობებისა და სოფლებისა. ჩვენ ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, არც ბარი დაგვრჩა და დაგვრჩება უყურადღებოდ, აქაც იგივე მიდგომებია – განათლების სისტემის სრულყოფა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაუმჯობესება, ტურიზმის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროექტის და პროგრამების განხორციელებით. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა”, – აღნიშნა მან.

კერესელიძის თქმით, ის სწორედ დუშეთში დაიბადა და ამ ქალაქთან თავისი ცხოვრების არაერთი ეტაპი აკავშირებს.

“რაც შეეხება ქალაქ დუშეთს. ეს არის ქალაქი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული, პირველი მეგობრობა, პირველი ურთიერთობა, პირველი განათლება, ყველაფერი ქალაქ დუშეთს უკავშირდება. ვინც დუშეთიდან ბრძანდებით ყველას კარგად მოგეხსენებათ და მიცნობთ რაოდენ დიდი პატივისცემა, სიყვარული და განსაკუთრებული მოკრძალება გამაჩნია თითოეული დუშელის და დუშეთის მიმართ. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქალაქი დუშეთი გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იმ ქალაქებს შორის, რომელიც საქართველოს რეგიონებში გვაქვს, თავისი განათლების ინფრასტრუქტურით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ტურიზმის ძალიან დიდი ფუნქციით და შესაძლებლობებით.
მჯერა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი ძმები, მეგობრები, ამომრჩევლები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს წინსვლას, „ ქართულ ოცნებას“ და ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს დავდებთ 31 ოქტომბერს და გავიმარჯვებთ ყველა ერთად, საქართველოს წარმატებისთვის”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ წარდგენისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები