მარინა ეზუგბაია: 158 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი ბათუმიდანაა, სადაც თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ
“158-დან ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ ბათუმიდან და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ, ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„რიცხვი 158 პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება, მათი გამოკვლევა და დადასტურება. აი, ამ 158-დან ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ ბათუმიდან და ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ.
აი, ასეთი სწრაფი კვლევების რაოდენობა საშუალებას იძლევა, ინფიცირებულთა კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითაც მყარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ. ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ასევე ცაგერიც. ახლა ასეთი აქტიური ქმედებები მიდის იმერეთსა და სამეგრელოშიც. კონტაქტების აქტიური გამოვლენა ხდება, რის შედეგადაც იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ეს ზუსტად იმის საფუძველია, რომ შემდგომში დაავადების ლოკალიზაციისა და შესუსტებისკენ წავიდეთ. ეს კარგი გამოსავალია, რათა ამ ახლადწარმოქმნილი კერების თუ კლასტერების ლოკალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.