“ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრები, კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ჯანსაღია”
“საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ერთერთ ავტორიტეტულ, Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში პოზიცია კიდევ უფრო გაიუმჯობესა. ეს მორიგი აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის საქართველოს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებულ ანგარიშში უაღრესად დადებითი და პოზიტიური შეფასების შემდეგ, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო კლიმატს უმაღლეს შეფასებას აძლევს”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში საინვესტიციო კლიმატის თაობაზე ანგარიში უპირველესად სწორედ თავისებურ საინვესტიციო გზავნილსაც შეიცავს როგორც ამერიკელი ინვესტორების, ისე – გლობალური ინვესტორებისთვისაც. მისი თქმით, სწორედ ამავე კონტექსტშია განსახილველი Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო პოზიციის გაძლიერება, რომლის მიხედვითაც ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციაზე გადავინაცვლეთ შარშანდელი მე-9 ადგილიდან და ამ მაჩვენებლით ჩვენ დღეს ვუსწრებთ როგორც რეგიონის, ასევე – ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასაც.
„ეს ორივე აღიარება, მით უმეტეს, პოსტპანდემიურ პერიოდის გადასახედიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პარამეტრები, კორონავირუსის მიერ მიყენებული ზიანის მიუხედავად, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ჯანსაღია“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.