Forbes: ფრონტერას მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე ნავთობი მოპოვებულია მხოლოდ ერთ საბადოზე, ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე, – ისიც საბჭოთა პერიოდის ჭაბურღილებიდან, რაც კომპანიის ელემენტარულ არსებობასაც კი ვერ უზრუნველყოფს
“საქართველოს ხელისუფლება ედავება ჰიუსტონში დაფუძნებულ კომპანიას Frontera Resources. ამ დავაში წამგებიან მდგომარეობაში მყოფ ტეხასურ ენერგოკომპანიას მხარში უდგას აშშ-ის კონგრესმენთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ტეხასიდან და ოკლაჰომიდან. ზეწოლა მათი მხრიდან იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აიძულა ქართული მხარე, ნაწილობრივ უკან დაეხია – მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მან ჰოლანდიის არბიტრაჟში მოუგო დავა “ფრონტერას” კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. თავად კომპანია უფრო მოჩვენებას მოგვაგონებს – იმ გაგებით, რომ იგი არაფრის დიდებით არ თმობს იჯარით აღებულ ტერიტორიებს მიუხედავად იმისა, რომ ვერც ნავთობს პოულობს და ვერც კანონმორჩილი კორპორატიული ერთეულის რეპუტაციას იმკვიდრებს,- “ფორბსი” სტატიას სახელწოდებით “ნავთობის პოლიტიკა – ტეხასელი პოლიტიკოსები საქართველოს წინააღმდეგ” აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანია “ფრონტერას” მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე ნავთობი მოპოვებულია მხოლოდ ერთ საბადოზე, ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე, – ისიც საბჭოთა პერიოდის ჭაბურღილებიდან, რაც კომპანიის ელემენტარულ არსებობასაც კი ვერ უზრუნველყოფს.
აქვე, საუბარია ,,ფრონტერას” ქართველ თანამშრომლებზე, რომლების 11 თვის ხელფასის გადაუხდელობის გამო გაიფიცნენ და რომელთა ხელფასები საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაისტუმრა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სტატია ეყრდნობა ინფორმაციას, მიღებულს ქართული წყაროებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ დავის პროცესს და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ცნობებს. მისი თქმით, “ფრონტერასთან” დაკავშირება როგორც ელ-ფოსტით, ასევე ტელეფონით ჰიუსტონში, უშედეგო აღმოჩნდა.
“საწვავი ნახშირბადის მოპოვებასთან დაკავშირებული ციებ-ცხელების მიუხედავად, ნავთობი ინარჩუნებს პირველობას და, ამასთან, წარმოადგენს განხეთქილების ვაშლს საერთაშორისო ურთიერთობებში. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. ისრაელსა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ლიბანს შორის მიმდინარეობს დავა ბუნებრივი აირის ოფშორულ საბადოებთან დაკავშირებით, ხოლო თურქეთი და საბერძნეთი გააფთრებით ებრძვიან ერთმანეთს კვიპროსის წიაღისეულის გამო. მიმდინარეობს კიდევ სხვა ტიპის დავა, ამჯერად საქართველოში – შავ ზღვასა და კავკასიონის სამხრეთ კალთას შორის მოქცეულ ქვეყანაში. საქართველოს ხელისუფლება ედავება ჰიუსტონში დაფუძნებულ კომპანიას Frontera Resources. ამ დავაში წამგებიან მდგომარეობაში მყოფ ტეხასურ ენერგოკომპანიას მხარში უდგას აშშ-ის კონგრესმენთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ტეხასიდან და ოკლაჰომადან. ზეწოლა მათი მხრიდან იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აიძულა ქართული მხარე, ნაწილობრივ უკან დაეხია – მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მან ჰოლანდიის არბიტრაჟში მოუგო დავა „ფრონტერას” კონტრაქტის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. თავად კომპანია უფრო მოჩვენებას მოგვაგონებს – იმ გაგებით, რომ იგი არაფრის დიდებით არ თმობს იჯარით აღებულ ტერიტორიებს მიუხედავად იმისა, რომ ვერც ნავთობს პოულობს და ვერც კანონმორჩილი კორპორატიული ერთეულის რეპუტაციას იმკვიდრებს. ჩვენი სტატია ეყრდნობა ინფორმაციას, მიღებულს ქართული წყაროებისგან, რომლებიც კარგად იცნობენ ამ დავის პროცესს და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ცნობებს. მე ვეცადე „ფრონტერასთან” დაკავშირებას ელ-ფოსტით და ტელეფონით ჰიუსტონში, თუმცა უშედეგოდ. ჩემს ზარს ავტომოპასუხემ უპასუხა. მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა სწრაფად და გულწრფელად უპასუხა ჩემს ელექტრონულ გზავნილებს. Frontera Resources სცენაზე პირველად 1997 წელს გამოჩნდა, როცა საქმე ქართველებთან დაიჭირა. ამ პატარა კომპანიამ დიდი იმედებით გააცხადა თავისი მიზნები აღმავლობის გზაზე მდგარ ბაზრებზე ბუნებრივი აირისა და ნავთობის საბადოების აღმოჩენასა და მოპოვებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი იმ ბაზრებზე, რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიხსნა. კომპანიამ ფეხი მოიკიდა მოლდოვასა და, განსაკუთრებით, საქართველოში. „ფრონტერა” დააარსა ჰიუსტონში პოლიტიკური კავშირების მქონე ჯგუფმა, რომელშიც, სხვებთან ერთად, შედიოდნენ ლოიდ ბენტსენი (ხაზინის ყოფილი მდივანი და ტეხასელი სენატორი) და ბილ უაიტი, კლინტონის ადმინისტრაციის ენერგეტიკის მდივნის მოადგილე, რომელიც თვლიდა, რომ შრეების ჰიდრავლიკური დაშლა ხსენებული ქვეყნების დადასტურებულ საბადოებზე დიდი ოდენობის ნავთობს, ბუნებრივ აირს და, შესაბამისად, ფულს მოიტანდა. 200-იანი წლების დასაწყისში უაიტი წავიდა კომპანიიდან და ერთ-ერთ საინვესტიციო ფირმას შეუერთდა, შემდეგ კი ჰიუსტონის მერიც გახდა. მე შევეცადე მასთან დაკავშირება ელ-ფოსტით, მაგრამ უშედეგოდ. 2005 წელს „ფრონტერას” საქმეები კარგად მიდიოდა. ფირმამ განახორციელა 80 მილიონი დოლარის ღირებულების აქციების პირველადი განთავსება და გაფორმდა ლონდონის საფონდო ბირჟის ქვესექციაში „ ალტერნატიული ინვესტიციების ბაზარი”. დღეს კი, როგორც ამას ადასტურებს გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ფირმის საქმეები ძალიან ცუდადაა. იგი მოიხსნა ბირჟიდან, აქვს ვალები და უბრალოდ ვერ მოიპოვა ნავთობი დადასტურებული მარაგებიდან. იჯარით აღებულ ტერიტორიაზე (1.25 მილიონი აკრი) ნავთობი მოპოვებულია მხოლოდ ერთ საბადოზე, – იჯარით აღებული ტერიტორიის მხოლოდ 1%-ზე, – ისიც საბჭოთა პერიოდის ჭაბურღილებიდან, რაც კომპანიის ელემენტარულ არსებობასაც კი ვერ უზრუნველყოფს. 1997 წელს აშშ დაინტერესდა, ზოგადად, კავკასიით და, კერძოდ, საქართველოთი. დაინტერესება დღესაც დიდია. საქართველო, თავის მეზობლებთან: თურქეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, განიხილება, როგორც დასაყრდენი რეგიონში რუსული გავლენის საპირწონედ. საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა. მართალია, მას შემდეგ საქართველომ პოლიტიკური ცვლილებების ქარ-ცეცხლში გამოიარა (მათ შორის 2003 წლის ვარდების რევოლუცია და 2008 წელს რუსული აგრესია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია), ქვეყნის დასავლური კურსი დღესაც მტკიცეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. 2008 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს ქვეყნის საელჩო მოსკოვში. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. „ფრონტერას” დაარსების მომენტისთვის გეოპოლიტიკური სიტუაცია და ტექნოლოგიური პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა. კომპანიის პოლიტიკური ძალის გათვალისწინებით, საქართველოს დედაქალაქთან – თბილისთან შეთანხმების მიღწევა იოლი საქმე გახლდათ. რამდენადაც მე ვიცი, უაიტს აქ გარკვეული კავშირებიც ჰქონდა ენერგეტიკის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდიდან. „ფრონტერას” თანახმად, მისი წარუმატებლობის მიზეზია ფორმაციების ბურღვასთან და დაშლასთან დაკავშირებული სირთულეების გაუთვალისწინებლობა, ასევე მოულოდნელი შიდა ჭაბურღილის წნევა. გარდა ამისა, რთული აღმოჩნდა საქმიანობის წარმართვა შორეულ ქვეყანაში, მიწოდების ჯაჭვის ნაკლებობის პირობებში. კომპანია აცხადებს, რომ იგი ჯერ კიდევ ეგრედწოდებული სწავლის მრუდის ეტაპზეა და წარმატების მისაღწევად დრო დასჭირდება. 2019 წლის ზამთარში კომპანიის ქართველი თანამშრომლები გაიფიცნენ 11 თვის განმავლობაში ხელფასის გადაუხდელობის გამო. საბოლოოდ, მათი ხელფასები საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გაისტუმრა”,- ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ კომპანიამ გამოხატა პროტესტი და ინტენსიური ლობირების წყალობით, მაქსიმალური დოზით გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლა აშშ-ის მხრიდან – ყოველივე ამას კი უზრუნველყოფდა კონგრესში ტეხასისა და ოკლაჰომის წარმომადგენელთათვის როგორც თავად კომპანიის, ისე მისი ხელმძღვანელების მიერ წინასწარ გაღებული სტაბილური და მსხვილი წვლილი/შეწირულობა.
“2017 წელს, საქართველომ განაცხადა, რომ მოთმინების ფიალა აევსო და საერთაშორისო არბიტრაჟის გზით შეეცადა იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას. არბიტრაჟმა დააკმაყოფილა საქართველოს პრეტენზიების უმრავლესობა – თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, „ფრონტერაც” გამარჯვებას ზეიმობდა. თვალაბეიშვილის თანახმად, არბიტრაჟის პირობები ავალდებულებს მოდავე მხარეებს, ორმხრივად შეთანხმდნენ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოქვეყნებაზე, თუმცა ხელისუფლებას ჯერაც არ მიუღია „ფრონტერას” თანხმობა, რის გამოც შეთანხმების სრული ტექსტის გასაჯაროება შეუძლებელია. ამასობაში კი საქართველო „ფრონტერასთან” გაფორმებულ კონტრაქტებს ბათილად მიიჩნევს, თუმცა ჯერჯერობით აყოვნებს იჯარით გაცემული ტერიტორიების დაბრუნებას, რის მიზეზიცაა ვაშინგტონიდან მომავალი პოლიტიკური საფრთხეები. არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ კომპანიამ გამოხატა პროტესტი და, ინტენსიური ლობირების წყალობით, მაქსიმალური დოზით გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლა აშშ-ის მხრიდან – ყოველივე ამას კი უზრუნველყოფდა კონგრესში ტეხასისა და ოკლაჰომის წარმომადგენელთათვის როგორც თავად კომპანიის, ისე მისი ხელმძღვანელების მიერ წინასწარ გაღებული სტაბილური და მსხვილი წვლილი/შეწირულობა. გამოცემის Houston Chronicle თანახმად, „ფრონტერამ” ამ საქმისთვის 500,000 დოლარად დაიქირავა ლობირების ფირმა Cornerstone Government Affairs. გაზეთში, ორგანიზაციაზე Center for Responsive Politics დაყრდნობით, ასევე აღნიშნულია, რომ „ფრონტერას” თავკაცმა, სტივ ნიკანდროსმა და სხვა ხელმძღვანელებმა 180,000 დოლარზე მეტი ოდენობის შეწირულობა გაიღეს, ძირითადად, ტეხასელი და ოკლაჰომელი რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს საქმე წარმომადგენელთა პალატის წევრებმა და სენატორებმა: ტედ კრუზმა და ჯონ კრონინმა (რესპუბლიკელები ტეხასიდან) „შეფუთეს”, როგორც რუსეთის მიერ წახალისებული და საქართველოს მიერ განხორციელებული შეტევა აშშ-ის წინააღმდეგ. 15 მაისით დათარიღებულ წერილში სენატორებმა, რომელთაც შეუერთდნენ კონგრესმენები ჯოდი არინგტონი (ტეხასი) და მარკუეინ მალინი (ოკლაჰომა), განაცხადეს: „სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოს კავშირები ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილ კონკურენტებთან, რასაც ეწირება ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნესინტერესები”. წერილში ასევე ხაზგასმულია მძიმე კანონდარღვევები და ანტიამერიკული ქმედებები. რესპუბლიკელმა პირ ოლსონმა განუცხადა წარმომადგენელთა პალატას, რომ „ფრონტერა” წარმოადგენს „თავისუფლებას” და სამუშაო ადგილებს საქართველოში, რაც სრულ წინააღმდეგობაშია საპირისპირო რეალობასთან, რომელშიც საქართველოს მთავრობამ იტვირთა იმ მშრომელთა ხელფასების გადახდა, რომლებიც „ფრონტერამ” წელიწადზე მეტი უსახსროდ ამყოფა. ყოველივე ამან განარისხა ქართული საზოგადოება, მათ შორის ამერიკელ ბიზნესმენთა წრეებიც. მცირე ნავთობმომპოვებელი კომპანიის ლობირებამ ვერ და არ უნდა შეუშალოს ხელი 30-წლიან სტრატეგიულ, დიპლომატიურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის სტრატეგიულ პარტნიორს – სამხრეთ კავკასიაში ყველაზე პროდასავლურ ქვეყანას შორის. “ფრონტერას” საგა გრძელდება”,- ნათქვამია სტატიაში.