500 Startups-მა შერჩეული სტარტაპებისთვის ინტენსიური კურსი დაიწყო
მსოფლიოში ერთერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო.
“საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, 500 Startups-მა პირველ ეტაპზე 15 სტარტაპი შეარჩია, რომლებმაც ივნისი-აგვისტოს პერიოდში სტარტაპ აქსელერაციის საბაზისო და ექპერიმენტირების პროგრამები ონლაინ რეჟიმში გაიარა, ხოლო მომდევნო ეტაპზე 10 ყველაზე სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპი გადავიდა. შერჩეული 10 სტარტაპიდან 3 უცხოური კომპანიაა, მათ შორის არიან: აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. პროგრამაში ჩართული გუნდებიდან ტოპ ხუთეული აქსელერაციას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. ინტენსიური პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება,”- ნათქვამია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.
500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და სტარტაპ კომპანიების მასშტაბირებას გლობალურ ბაზარზე.