უკრაინის მთელს ტერიტორიაზე შესაძლოა, “წითელი ზონის” რეჟიმი ამოქმედდეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ მთელს ტერიტორიაზე, ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში, “წითელი ზონის” რეჟიმი ამოქმედდეს.

ამასთანავე, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი ადაპტირებული კარანტინის რეჟიმის მიმართულებით სვლას გააგრძელებს, რათა არ მოხდეს ბიზნესის მუშაობის შეჩერება. ​

უკრაინაში აგვისტოს თვეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა. ამიტომ, ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ასეთი ზრდა სტაციონარების გადავსებას იწვევს.

ქვეყანაში 1-ელი აგვისტოდან ადაპტირებული კარანტინი მოქმედებს, რომელიც რეგიონების დაყოფას ოთხ ზონად გულისხმობს: მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ ზონებად.

ყველა ეპიდემიოლოგიურ ზონაში სხვადასხვა საკარანტინე შეზღუდვაა დაწესებული.

7 სექტემბრიდან კი “წითელ ზონაში” მოხვდა სამი საოლქო ცენტრი: ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლისა და ჩერნოვეცის.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას – უკრაინაში ბოლო ერთ დღეში ვირუსის 2551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში უკვე 143 030 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსს კიდევ 45 ადამიანი ემსხვერპლა და, ჯამურად, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 2 979-ს მიაღწია. გარდა ამისა, ვირუსის დამარცხება სულ 64 703-მა პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები