დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი: გვაშფოთებს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება
“ჩვენ ტესტირებას ვატარებთ, კონტაქტებსაც ვიკვლევთ და საჭირო თუ გახდა, ადგილობრივად ჩავკეტავთ დასახლებებს”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეტ ჰენკოკი აცხადებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, რათა არ გავრცელდეს ვირუსი და ხალხი საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ან ფატალური შედეგი არ დადგეს.
„გვაშფოთებს შემთხვევების მკვეთრი მატება. ევროპის კონტინენტზეც ვიხილეთ მსგავსი მოვლენები. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მსგავსი შედეგები ბრიტანეთის კუნძულებზე არ მივიღოთ. მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც ვაკვირდებით და ტენდენცია ერთია – ახალგაზრდებში ვირუსის გავრცელების მომატებულ შემთხვევებს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს მთელი მოსახლეობის ინფიცირებასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვირუსს არ მივცეთ ბებია-ბაბუების დასნეულების შესაძლებლობა და წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების განმეორება არ დავუშვათ. ყველა აუცილებელ ზომას მივმართავთ, თუმცა ხალხს მოვუწოდებთ, რომ სოციალური დისტანცია დაიცვან პირველყოვლისა. ჩვენ ტესტირებას ვატარებთ, კონტაქტებსაც ვიკვლევთ და, საჭირო თუ გახდა, ადგილობრივად ჩავკეტავთ დასახლებებს. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, პირველი რიგის ამოცანა ყველასთვის – ვინც უნდა იყო და რამდენი წლისაც უნდა იყო – არის სოციალური დისტანციის დაცვა, რათა არ გავავრცელოთ ეს ვირუსი და ხალხი საავადმყოფოებში არ მოხვდნენ ან უარესი შედეგით არ დამთავრდეს ეს ამბავი“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი, მეტ ჰენკოკი.
წყარო: https://www.theguardian.com