ტრამპის ადვოკატი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის, ომიც წამოიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი “იმდენად შორს წავიდეს”,  არჩევნებში მეორედ გამარჯვებისთვის ომიც კი დაიწყოს.

ამის შესახებ კოენმა NBC News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტი ტელეეთერში უკვე გავიდა.

“დონალდ ტრამპი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ეს ბიულეტებთან დაკავშირებულ მაქინაციებსაც გულისხმობს. ის იმდენად შორს შეიძლება, წავიდეს, რომ ომიც კი დაიწყოს, რათა თანამდებობა არ დაკარგოს”, – თქვა კოენმა.

მისი თქმით, ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ 2020 წელს ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად არ მოხდეს.

ცნობისთვის, მაიკლ კოენმა დაწერა წიგნი: “მოღალატე: დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის რეალური ისტორია”, რომელშიც, მედიის ინფორმაციით, ტრამპს უწოდებს “თაღლითს, მატყუარას, რასისტს, აფერისტს, ქურდს, მტაცებელს”. წიგნი 8 სექტემბერს უნდა გამოვიდეს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

მაიკლ კოენი ფინანსური და სხვა დარღვევებისთვის 3 წლით დააპატიმრეს, თუმცა, ეპიდემიის გამო, მაისში მას შინა პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შემდეგ ის ნიუ იორკის ქუჩებსა და რესტორნებში გამოჩნდა, რის გამო 9 ივლისს ისევ საკანში დააბრუნეს. მოგვიანებით, სასამართლომ კოენის გათავისუფლების გადაწყვეტილება ისევ მიიღო.

მანამდე, კოენს არაერთხელ გაუკრიტიკებია ტრამპი. ის აცხადებდა, რომ არაერთხელ დახმარებია მოქმედ პრეზიდენტს, მოეგვარებინა “არც ისე სასიამოვნო ამბები”, მათ შორის, იმ ქალებს დუმილისთვის უხდიდა ფულს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტრამპთან კავშირი ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები