ლიეტუვის საგარეო უწყება გატაცებული, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებას ითხოვს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ბელორუსის მთავრობას მოუწოდებს, ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“იმის მაგივრად, რომ ბელორუსის ხალხს ელაპარაკოს, ცდილობენ, ცინიკურად მოაშორონ პოლიტიკას ოპონენტები. მინსკის ცენტრში მარია კოლესნიკოვას გატაცება სირცხვილია. სტალინის მეთოდები XXI საუკუნის ევროპაში გამოიყენება. ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული”, – წერს დიპლომატი.
დღეს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს.
TUT.BY თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, რომ კოლესნიკოვა დღეს, დილით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმთან უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მარია კოლესნიკოვა ამჟამად ტელეფონს არ პასუხობს.
ამის პარალელურად, ბელარუსის ოპოზიციურ საკოორდინაციო საბჭოში განაცხადეს, რომ, კოლესნიკოვას გარდა, სატელეფონო კავშირზე საბჭოს კიდევ ორი წევრი – ივან კრავცოვი და ანტონ როდნენკოვი არ გამოდის, ადვოკატები კი ამჟამად მათ ეძებენ.