ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მარტის მონაცემს დაუბრუნდა, როდესაც აფეთქება პიკის ფაზაში იყო.
ამის შესახებ ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, ანდრეა ამონმა განაცხადა.
“ზაფხულის სეზონზე ვირუსი არ შემცირებულა, მას შვებულება არ უღია”, – განაცხადა ამონმა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირის მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპაში 100 ათასს ადამიანზე 46 დადასტურებული შემთხვევა მოდის.
“თითქმის იმ რიცხვებს დავუბრუნდით, რასაც მარტში ვაკვირდებოდით”, – თქვა მან.
უწყების მონაცემით, მარტში კორონავირუსული ინფექციით დაავადებული ადამიანების რაოდენობა 100 ათასზე, დაახლოებით, 40 შეადგენდა, მარტის ბოლოს და აპრილამდე თითქმის 70 პაციენტამდე იზრდებოდა.
მისი ინფორმაციით, ამჟამინდელი მატება ნაწილობრივ უკავშირდება ტესტირების რაოდენობის ზრად.
ამონის თქმით, ახალი შემთხვევები, ძირითადად, უკავშირდება ახალგაზრდებს, ამიტომ ზაფხულის სეზონში ჰოსპიტალიზების შემთხვევებმა იკლო მაშინ, როდესაც მარტში და აპრილში, ძირითადად, ხანდაზმული ადამიანები ავადდებოდნენ და ვირუსს უფრო რთულად იტანდნენ.
ამასთან, მისივე თქმით, ჰისპიტალიზაციის შემთხვევები ისევ მატულობს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აფეთქება ხანდაზმულ ადამიანებში ხდება.
ანდრეა ამონის თქმითვე, სკოლებში სწავლების განახლება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ინფექციის გადაცემის რისკის მატება. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში, სადაც სკოლები ჯერ კიდევ შემოდგომას გაიხსნა, აფეთქება არ ფიქსირდებოდა.