უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს პასუხობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბელორუსში რადიკალური ქმედების პროვოცირება და დაფინანსება უკრაინიდან ხდება, უარყოფს.
“200 უკრაინელი ექსტრემისტი, რომლებიც თითქოს უკრაინამ ბელორუსში ვითარების დესტაბილიზაციისთვის გაგზავნა, იმ ადამიანების ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფია, რომლებმაც მსგავსი ინფორმაცია მიაწოდეს ჩემს კოლეგა სერგეი ლავროვს. უკრაინას არ უწარმოებია, არ აწარმოებს და არც მომავალში აპირებს ბელორუსის წინააღმდეგ რაიმე სახით მსგავსი ქმედების განხორციელებას”, – დაწერა უკრაინელმა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
როგორც დღეს ლავროვმა განაცხადა, მოსკოვს დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ ბელორუსში დესტაბილიზაცია უკრაინის ტერიტორიიდან იმართება. მისი თქმით, “ამგვარი საქმიანობა უკრაინის ტერიტორიიდან იმართება. იქ არის “სტეპან ბანდერას”წევრები, “ს14″, ეროვნული კორპუსი, მემარჯვენე სექტორი. ყველა ეს სტრუქტურა დაკავებულია მინსკსა და სხვა ქალაქებში რადიკალური ქმედებების პროვოცირებით”.