ბელორუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, უახლოეს ორ კვირაში პუტინი ლუკაშენკოს შეხვდება
უახლოეს ორ კვირაში ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ჩავა, სადაც რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ვადები ზუსტდება. გუშინ ორი პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ შეხვედრა უახლოეს კვირებში შედგება. შესაბამისად, უახლოეს ორ კვირაში შეხვედრა ნამდვილად შედგება”, – განმარტა პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო და პუტინი შეხვედრაზე 30 აგვისტოს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, თუმცა გუშინ საორიენტირო ვადები არ დასახელებულა.
ბელორუსი მასშტაბურმა აქციებმა 9 აგვისტოდან მოიცვა. ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ითხოვს ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
აქციებს ძალოვანებთან შეტაკებაც ახლდა, რა დროს, სულ მცირე, 3 ადამიანია დაღუპული, ათასობით კი – დაკავებული.