ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს
ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთოების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დონალდ ტრამპი, ისრაელის პრემიერი – ბენიამინ ნეთანიაჰუ და აბუ-დაბის კრონპრინცი – მოჰამედ ბინ-ზაედი, გამოთქმულია იმედი, რომ აღნიშნული ისტორიული გარღვევა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ, შეთანხმების შედეგად, ისრაელი იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიების ანექსირების გეგმას გაყინავს.
“უდიდეს გარღვევა! ჩვენს ორ დიდ მეგობარს შორის ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ისტორიული შეთანხმება მოხდა!”, – დაწერა ტრამპმა Twitter-ის გვერდზე.
ამ დრომდე სპარსეთის ყურეს არცერთ ქვეყანას ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონია მიუხედავად იმისა, რომ არაოფიციალური დიპლომატიური არხების დალაგება ხდებოდა.
ნეთანიაჰუმ, თავის მხრივ, სოციალურ ქსელში დაწერა – “ისტორიული დღეა”.
აშშ-ში საამიროების ელჩმა, იუსეფ ალ-ოტეიბამ განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება დიპლომატიისა და მთლიანი რეგიონის გამარჯვებაა.
1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ, ასევე, არაბულ ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტების შემდეგ, ეს მხოლოდ მესამე ისრაელ-არაბული სამშვიდობო შეთანხმებაა. მანამდე სამშვიდობო შეთანხმება იყო ხელმოწერილი ეგვიპტესთან 1979 წელს და 1994 წელს იორდანიასთან.
უახლოეს კვირებში ისრაელისა და საამიროების დელეგაციები ინვესტიციების, ტურიზმის, ავიამიმოსვლის, უსაფრთხოების, ტელეკომუნიკაციების, ენერგომატარებლების, ჯანდაცვის, კულტურის, გარემოს დაცვით სფეროებში, ასევე, ორივე ქვეყანაში საელჩოების გახსნასთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებებს გააფორმებენ.
ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აშშ-ის ინიციატივას უერთდებიან “ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული გეგმის” შესახებ.