ვის ირჩევს სომხეთი: რუსეთს თუ დასავლეთს – ფაშინიანის პასუხი
“რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია ყველა სფეროში, კერძოდ, ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში, ევროკავშირთან კი რესპუბლიკას ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება აქვს ხელმოწერილი”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა BBC-ის გადაცემა Hardtalk-სი განაცხადა.
კითხვაზე, როგორ გზას აირჩევს სომხეთი – რუსეთს თუ დასავლეთს, ქვეყნის პრემიერი ამბობს – “რუსეთი სომხეთის დიდი ხნის მოკავშირეა, ევროკავშირი კი ქვეყანას მსხვილი რეფორმების იმპლემენტაციაში ეხმარება, რომლებიც “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ დაიწყო”.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ორივე მხარესთან ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას და ამის განმტკიცებას გეგმავს.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, “იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი გადაწყვეტს ნატო-სთან ურთიერთობის გაძლიერებას, პრობლემები გაჩნდება, რადგან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქეთთან, გარდა ამისა, მას გაუფუჭდა ურთიერთობა აშშ-სთან ირანის მხარდაჭერის გამო. შტატებმა თეირანის მიმართ სანქციების დაწესება გთხოვეს, თუმცა თქვენ უარი განაცხადეთ”, – სომხეთის მთავრობის მეთაურმა თქვა – “სომხეთსა და ირანს შორის ტვირთბრუნვა და კეთილი ურთიერთობა გაგრძელდება”.
“ვეცდებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან გაძლიერდეს”, – განმარტა ნიკოლ ფაშინიანმა.