გერმანიის საგარეო უწყებაში ბელორუსის ელჩი დაიბარეს
ბელორუსში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის ელჩი, დენის სიდორენკო “სასწრაფოდ სასაუბროდ” დაიბარეს.
Deutche Welle წერს, რომ ელჩს შექმნილ ვითარებაზე გერმანიის პოზიცია განემარტა.
მანამდე, გერმანიის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჰაიკო მაასმა ბელორუსის მთავრობაზე ზეწოლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“ცხადია, რომ ძალადობა და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებები XXI საუკუნის ევროპაში დაუშვებელია”, – აღნიშნა მაასმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 14 აგვისტოს, ბრიუსელში შეკრების დროს მისი ევროპელი კოლეგები ერთიან პოზიციას დაიკავებენ.