აშშ-ის დახმარებით, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

„უზარმაზარი მიღწევა! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდებულ მეგობარს – ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პოსტში.

დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ სამ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.

შეთანხმების თანახმად, ისრაელი თანახმაა, შეაჩეროს თავისი სუვერენიტეტის გაფართოება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ანექსიად განიხილავდა.

თეთრ სახლში ამ მოვლენაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ორ ლიდერს შორის დისკუსიები ზოგჯერ დაძაბული იყო. მისივე თქმით, შეთანხმებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია, ისრაელისა და ემრატების დელეგაციების მონაწილეობით, თეთრ სახლში მომდევნო კვირებში გაიმართება.

„რამდენიმე წუთის წინ მე განსაკუთრებული ზარი მქონდა ორ მეგობართან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პრინც შეიხ მუჰამედ ბინ ზაიედთან, სადაც ისინი შეთანხმდნენ ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებაზე. ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. 49 წლის შემდეგ, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მოახდენენ დიპლომატიური ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას. მათ ექნებათ საელჩოები, ეყოლებათ ელჩები და თანამშრომლობას დაიწყებენ სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები