ბელორუსში აქციების მეოთხე დღეს 700-მდე ადამიანი დააკავეს

ბელორუსის შსს-ს ინფორმაციით, გუშინ არასანქცირებულ აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 700-მდე ადამიანია დაკავებული.

გუშინ მინსკში  ძალოვანებმა მეტროსადგურები ისევ ჩაკეტეს.

აქცია ჯერ კიდევ დღის საათებში დაიწყო, როდესაც ქალებმა “სოლიდარობის ჯაჭვი” მოაწყვეს.

იგივე გაგრძელდა საღამოს საათებში. მინსკის სხვადასხვა რაიონში ხალხი სოლიდარობის ჯაჭვებს აწყობდა, მღეროდა, სხვადასხვა მოწოდებას სკანდირებდა.

თუმცა, აქციის მონაწილეებს პერიოდულად სპეცრაზმი უახლოვდებოდა, არბევდა, მათ ნაწილს აკავებდნენ, სცემდნენ, იყენებდნენ რეზინის ტყვიებს.

მინსკის გარდა, აქციები გაიმართა: გროდნოში, მოგილოვოში, გომელეში, ბრესტში, ვიტებსკში, ბორისოვში, ბარანოვიჩში, ბობრუისკში, ლიდეში, ფაიპოლში, როგაჩოვში, ნოვოპოლოცკში, სმოლევიჩსა და სხვა ქალაქებში.

ბელორუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგზიტპოლებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემი გამოაცხადეს, რომლის შედეგად გაირკვა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.

ამ ხნის განმავლობაში ძალოვანებმა 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები