ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი ლუკაშენკოს: წადი, სანამ გვიან არ არის!
ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
“რადიო თავისუფლების” ბელარუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
მისი თქმით, ხალხი დარწმუნებულია, რომ არჩევნები სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოიგო.
“წადი, სანამ გვიან არ არის, სანამ ხალხს საშინელ უფსკრულში არ ჩააგდებ, სამოქალაქო ომის უფსკრულში! წადი! არავის სურს მაიდანი, არავის უნდა სისხლი. მხოლოდ შენ გინდა ხელისუფლება. მხოლოდ შენი სურვილი მოითხოვს სისხლს“, – მიმართავს მწერალი ლუკაშენკოს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.08% მოიპოვა.