ილჰამ ალიევი: რამდენიმე თვეში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით ევროპის სივრცეში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაიწყება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი დასასრულს უახლოვდება და რამდენიმე თვეში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპის სივრცეში მოხდება.

ამის შესახებ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენი ძირითადი ყურადღება ახლა მიმართულია სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულებაზე. პროექტი ასევე წარმატებით ხორციელდება. მთავრდება მისი მეოთხე და ბოლო პროექტი – TAP. მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინიციატივითა და ფართომასშტაბური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, დასრულდება ერთმანეთთან დაკავშირებული სამი გაზსადენის მშენებლობა, რომელთა სიგრძე 3 500 კილომეტრია და აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპის სივრცეში მოხდება. ამგვარად, სამხრეთის გაზის დერეფანი სრულად შევა ექსპლუატაციაში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა, რადგან ის „შაჰდენიზის“ საბადოს სრულად ამუშავების შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის გარეშე, აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა შესაძლოა, დაუსრულებელი დარჩენილიყო.

„თუმცა, დღეს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის ინტერესებს. „შაჰდენიზის“ საბადო, სულ მცირე, კიდევ 100 წლის განმავლობაში მოამარაგებს ბუნებრივი აირით აზერბაიჯანსა და მის პარტნიორ ქვეყნებს. ამავე დროს, ჩვენ ვაპირებთ ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოებას. „შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდება საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. თუ ალბანეთში გაჩნდება ბუნებრივი აირის ქსელი, ალბანეთიც გახდება ჩვენი ბუნებრივი პარტნიორი და ჩვენ გაზის ექსპორტს იქაც შევძლებთ. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შესაძლებელია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც – ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებში“, – აღნიშნა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები