მინსკში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, გვიან ღამით საპროტესტო აქციას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ უფლებადამცველი ცენტრის “ვიასნას” წარმომადგენელმა ვალენტინ სტეფანოვიჩმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ერთი ადამიანი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სპეციალური ტექნიკა აქციის მონაწილეებში შევარდა. მომხდარს ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს.
სტეფანოვიჩის თქმით, ათობით ადამიანმა სერიოზული ტრავმები მიიღო. ასევე ბელარუსში გუშინ სულ მცირე 213 ადამიანია დაკავებული. მათგან 110 მინსკში – 40 პირი საარჩევნო უბნებთან, ხოლო 70 აქციაზე. დაკავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან.
ბელარუსის რამდენიმე ქალაქში გვიან ღამით, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო. შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ ძალოვანებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, მათ შორის რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი.
მომხდარს ლიეტუვის და პოლონეთის პრეზიდენტები გამოეხმაურნენ, რომლებმაც ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდეს დაიცვან დემოკრატიული სტანდარტები და მასობრივი პროტესტების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენონ.
გარდა ამისა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს მიმართა, რომ ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტიიყოს მოწვეული.
“ბელარუსებს სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ თავისუფლებისკენ მათ სწრაფვაში”,- ნათქვამია მორავეცკის განცხადებაში.
ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობა დაუშვებელია.
“აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება – პასუხი არ არის. აუცილებელია, სიტყვის თავისუფლების, შეკრების და ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფა”, – აღნიშნა მიშელმა.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დღესაც ანონსდება.