ლიბანის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ბეირუთის პორტში ბომბი ააფეთქეს
ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნი ბეირუთის აფეთქებაში საგარეო ძალების ჩარევას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი – mtv იტყობინება.
“აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, არსებობს იმის ალბათობა, რომ გარე ძალების ჩარევა მოხდა რაკეტის, ბომბის ან სხვა ქმედების მეშვეობით”, – განაცხადა ლიბანის პრეზიდენტმა
აუნმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ბეირუთში ვიზიტის დროს სთხოვა, პორტში აფეთქების მომენტის ამსახველი თანამგზავრის ფოტომასალა. მისი თქმით, თუ პარიზის ამის წარდგენას ვერ შეძლებს, ლიბანი სხვა ქვეყნებს მიმართავს.
“აფეთქების გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და დაუყოვნებლივი, ამავდროულად, აუჩქარებელი. სასამართლო სისტემამ კი ოპერატიულად უნდა იმოქმედოს”, – დასძინა პოლიტიკოსმა.
ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 149 ადამიანი დაიღუპა, 5 ათასამდე დაშავდა. აფეთქების მიზეზი 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი გახდა, რომელიც პორტის საწყობში ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.
აღსანიშნავია, რომ აფეთქების მეორე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აფეთქება “თავდასხმა” იყო. მისი თქმით, ასეთ მოსაზრებას ამერიკელი გენერლებიც იზიარებენ.