ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების საქმეზე, პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს

ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების საქმეზე, პორტის 16 თანამშრომელია დაკავებული, კიდევ 20 ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო სამხედრო მოსამართლე ფადი აკიკიზე დაყრდნობით იტყობინება.

აღინიშნება, რომ იკითხება პორტისა და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელობაც.

მოსამართლის თქმით, გამომძიებლები “კატასტროფასთან დაკაშირებული ყველა ფაქტის დადგენას ცდილობენ”.

შემთხვევის ადგილი გამოძიების დასრულებამდე დახურული იქნება.

ბოლო ინფორმაციით, ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 149-ს მიაღწია, 5 ათასამდე ადამიანი დაშავდა.

აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით კვიპროსზეც.

როგორც ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

აფეთქების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის პირველადი ოდენობა 5 მილიარდ ევროს შეადგენს. მთავრობა 66 მილიონ დოლარს გამოყოფს. ​გუშინ გახდა ცნობილი, რომ ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონი ევროს მობილიზებას ევროკავშირიც მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები