იტალია Ryanair-ს კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დაუცველობისთვის ქვეყანაში ფრენების შეჩერებით დაემუქრა
იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო ავიაკომპანია Ryanair-ს ქვეყანაში ფრენების განხორციელების შეჩერებით ემუქრება იმის გამო, რომ კომპანია კორონავირუსთან დაკავშირებულ წესებს არ იცავს.
ამის შესახებ The Brussels Times-ი წერს. სამმართველომ გაფრთხილება კომპანიის ადმინისტრაციას უკვე გაუგზავნა. საუბარია სოციალური დისტანციის პრინციპის დაუცველობაზე.
“თუ დადგინდა, რომ მომავალში არ იქნა შესრულებული ვალდებულება, რომელიც ეროვნული წესებით არის დადგენილი, სამმართველო იძულებული გახდება, გამოიყენოს სანავიგაციო კოდექსის წესები და ყველა ავიაგადაზიდვა შეაჩეროს”, – ნათქვამია განცხადებაში.
Ryanair-ში ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის.
“ENAC-ის განცხადება რეალობას არ შეესაბამება. ჩვენ ყველა წესს ვიცავთ, რომელიც იტალიის მთავრობის მიერ არის დადგენილი და ჩვენი კლიენტები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევამციროთ კონტაქტები როგორც თვითმფრინავებში, ასევე – აეროპორტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.